ერთი წლის წინ, დონალდ ტრამპის ქონება $2.5 მილიარდს შეადგენდა, თუმცა ახლა ის $3.6 მილიარდით უფრო მდიდარია. ტრამპისთვის 2024 წელი წარმატებული აღმოჩნდა როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურ სარბიელზეც. ის გახდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და დაბრუნდა Forbes-ის ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიაში.
ტრამპის ქონება 2024 წლის მარტში, შესამჩნევად, 7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს მის მიერ დაფუძნებული Truth Social-ის მშობელი კომპანიის საჯაროდ დალისტვას მოჰყვა. ამ მნიშვნელოვანი ფინანსური ნახტომის წინ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ქონება $2.3 მილიარდამდე იყო შემცირებული, რაც იანვარ-მარტში იურიდიულ დავებს უკავშირდებოდა.
16 აპრილს, დონალდ ტრამპის ქონების წმინდა ღირებულებამ 3.67 მილიარდ დოლარს, წლის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი TMTG-ის აქციების ფასის რამდენიმედღიანი დაღმასვლაა. თუმცა, თვის ბოლოსკენ, აქციების გაძვირება დაიწყო, რამაც ტრამპის ქონება, 30 აპრილს, $7.6 მილიარდამდე გაზარდა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ტრამპმა კომპანიაში საკუთარი წილი გაზარდა.
მაისში, მეორედ ერთი წლის განმავლობაში, ტრამპის წმინდა ქონება გაორმაგდა და 8.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. თვის ბოლოს ტრამპის ქონება 7.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ერთი დღის შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ის დამნაშავე იყო 34-ვე ბრალდებაში, მისი 2023 წლით დათარიღებული საქმიანი ჩანაწერების გაყალბების საქმეზე.
ამის შემდეგ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ივლისში მისი მკვლელობის მცდელობიდან მალევე, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 6.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
წლის დარჩენილ პერიოდში დონალდ ტრამპის ქონების მნიშვნელოვანი ცვლილება ოქტომბრის ბოლოსთვის დაფიქსირდა, როდესაც მან $8 მილიარდს მიაღწია. ეს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მაღალმა მოლოდინმა განაპირობა.
2024 წლის 6 ნოემბერს, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, მისი წმინდა ქონება $6.2 მილიარდს აღწევდა. ტრამპის ქონება ამჟამად 6.1 მილიარდ დოლარს უტოლდება.