საერთაშორისო გავლენისა და ამერიკელი მომხმარებლის მაღალი მსყიდველუნარიანობის წყალობით, აშშ-ის საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანიები, დღეისთვის, გლობალურად ყველაზე შემოსავლიანი ფირმების რეიტინგის სათავეში ხვდებიან. ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ კი მაღალშემოსავლიანი კომპანიების უდიდესი წილი ძირითადად ენერგეტიკულ სექტორშია წარმოდგენილი – მათ შორის ბევრი გიგანტი, მაგალითად, როგორიცაა Saudi Aramco და China National Petroleum-ი, სახელმწიფოს საკუთრებაშია.
Visual Capitalist-მა 2024 წლის მონაცემებით მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების რეიტინგი წარადგინა. ქვემოთ მოყვანილი სია Fortune-ის მონაცემებს ეფუძნება და მოიცავს როგორც საჯარო, ასევე წამყვანი კერძო კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს. გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიის სათავეში Walmart-ია, საცალო ვაჭრობის გიგანტი და უმსხვილესი დამსაქმებელი ამერიკაში.
ამერიკული კომპანია ყოველ საათში დაახლოებით $74 მილიონს გამოიმუშავებს – გლობალური მასშტაბით კი კვირაში მომხმარებელთა ვიზიტების საშუალო მაჩვენებელი 255 მილიონს აღწევს. Walmart-ის გაყიდვების 68% აშშ-ის ბაზარზე მოდის, ხოლო 2019 წლის შემდეგ შიდა შემოსავლები თითქმის 36%-ითაა გაზრდილი.
რეიტინგის მეორე პოზიციაზეა Amazon-ი, $574.8-მილიარდიანი შემოსავლით. Fortune-ის მონაცემებით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა – ქლაუდ-გამოთვლითი სერვისების, Amazon Prime-ისა და სარეკლამო ბიზნესის დამსახურებით.
2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიის სამეულს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩინეთის კომუნალური მომსახურების კომპანია State Grid-ი ასრულებს. გასულ წელს ფირმამ ჩილეს ორი უმსხვილესი ელექტროდისტრიბუტორი შეისყიდა და ამჟამად ქვეყანაში ენერგიის საერთო მოხმარების 50%-ზე მეტს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ელექტროინფრასტრუქტურაში ლითონის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, State Grid-ი მსოფლიოში ლითონის უმსხვილეს შემსყიდველად რჩება.
State Grid-ის მსგავსად, ნავთობის მოპოვებით მიღებული შემოსავლების გავლენით, რეიტინგის ლიდერებში ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, Sinopec-ი და China National Petroleum-იც გვხვდებიან. ბოლო მონაცემებით, Sinopec-ი, დღიურად 5.2 მილიონი ბარელით, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი გადამმუშავებელია და უსწრებს Exxon Mobil-ს, რომლის გადამუშავებაც დღიურად 4.5 მილიონ ბარელს აღწევს.
2024 წლის 10 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია:
კომპანია | შემოსავლები | ქვეყანა | |
---|---|---|---|
1 | Walmart | $648.1 მილიარდი | აშშ |
2 | Amazon | $574.8 მილიარდი | აშშ |
3 | State Grid | $545.9 მილიარდი | ჩინეთი |
4 | Saudi Aramco | $494.9 მილიარდი | საუდის არაბეთი |
5 | Sinopec Group | $429.7 მილიარდი | ჩინეთი |
6 | China National Petroleum | $421.7 მილიარდი | ჩინეთი |
7 | Apple | $383.3 მილიარდი | აშშ |
8 | UnitedHealth Group | $371.6 მილიარდი | აშშ |
9 | Berkshire Hathaway | $364.5 მილიარდი | აშშ |
10 | CVS Health | $357.8 მილიარდი | აშშ |
წყარო: Fortune