ვინ არის ჰუსეინ საჯვანი, რომელიც აშშ-ში $20-მლრდიან ინვესტიციას განახორციელებს

ვინ არის ჰუსეინ საჯვანი, რომელიც აშშ-ში $20-მლრდიან ინვესტიციას განახორციელებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები მილიარდერი ჰუსეინ საჯვანი აშშ-ში მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად $20-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.

დონალდ ტრამპის განმარტებით, ჰუსეინ საჯვანის ინვესტიცია ახალი მონაცემთა ცენტრების ტექნოლოგიაში აშშ-ს მოწინავე პოზიციის შენარჩუნებაში დიდ დახმარებას გაუწევს. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებაში მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურა დიდ როლს თამაშობს. მონაცემთა ცენტრი ფიზიკური სივრცეა, სადაც კომპიუტერული დამუშავებისა და მეხსიერების სერვერები ინახება.

რაც შეეხება ჰუსეინ საჯვანის, ის დუბაიში დაფუძნებული უძრავი ქონების კომპანია Damac Properties-ის მფლობელია. მისი განცხადებით, თუკი შესაძლებელი იქნება და ბაზარი ამის ნებას მისცემს, აშშ-ში უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციასაც განახორციელებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, საჯვანის მიერ განხორციელებული ინვესტიციით მონაცემთა ცენტრები არიზონაში, ილინოისში, ინდიანაში, ლუიზიანაში, მიჩიგანში, ოჰაიოში, ოკლაჰომასა და ტეხასში აშენდება.

ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას საჯვანი X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის შესანიშნავი სიახლე იყო. 71 წლის არაბი მილიარდერის ქონება ამჟამად $5.1 მილიარდს შეადგენს და ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, მილიარდერს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია ფინანსური გეგმა, თუ როგორ აპირებს მონაცემთა ცენტრებისთვის აღნიშნული მოცულობის ინვესტიციის გამოყოფას.

დონალდ ტრამპსა და ჰუსეინ საჯვანის დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. ისინი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც პარტნიორობდნენ. დუბაიში გოლფის მოედანი დონალდ ტრამპს სწორედ საჯვანის უძრავი ქონების კომპანიამ აუშენა. ჰუსეინ საჯვანი გასულ ახალ წელს დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარ-ა-ლაგოში შეხვდა.