აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, 42 პოლიტიკოსთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ერთობლივი წერილი „თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს“ მიემართება და მოუწოდებს მათ „უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში“.
გარდა ამისა, უილსონი და 42 პოლიტიკოსი დემოკრატიულ მთავრობებს რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მათ მიმართავენ, არ გამართონ მაღალი დონის შეხვედრები არალეგიტიმურ რეჟიმთან, სანამ ის ახალ არჩევნებს არ დათანხმდება.
„ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი პოლიტიკოსები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკის გატარებისაკენ, რომლის თანახმადაც, არ უნდა ჩატარდეს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, სანამ ის არ დათანხმდება სათანადო მონიტორინგის ქვეშ ახალი არჩევნების ჩატარებას. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს.
ივანიშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმურ შეშფოთებას ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სისასტიკით უპასუხეს ასობით ათასი მომიტინგის ღამის საპროტესტო აქციებს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით“, – წერია განცხადებაში.