მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (IDC) ინფორმაციით, გასული წლის მეოთხე კვარტალში სმარტფონების მწარმოებლების, Apple-ისა და Samsung-ის მიწოდება გლობალურად შემცირდა. ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, აღნიშნულის მიზეზი ჩინურ კომპანიებთან გაზრდილი კონკურენციაა.
IDC-ის მონაცემებით, ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ სმარტფონების გლობალური ბაზარი გაიზარდა, რაც მეტწილად ჩინური კომპანიების ზრდითაა განპირობებული. სმარტფონების ჩინურმა მწარმოებლებმა სხვა მწარმოებლებს დიდი კონკურენცია ბიუჯეტურ მოდელებში გაუწია. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე ჩინური კომპანიების წილი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება.
მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის უფროსი მკვლევრის, ნაბილა პოპალის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენცია 2025-შიც გრძელდება, შესაძლოა, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესებამ სურათი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ტარიფების დაწესება სმარტფონების ღირებულებას გაზრდის, რამაც შესაძლოა, გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამციროს.
IDC-ის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში Apple-ის მიწოდება 4.1%-ით შემცირდა და 76.9 მილიონი ერთეული შეადგინა. Samsung-ის მიწოდება კი ამავე პერიოდში 2.7%-ით, 51.7 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. ამის პარალელურად გაზრდილია ჩინური სმარტფონების, Xiaomi-ს, Oppo-სა და Honor-ის მიწოდებები.
სმარტფონების გლობალურ ბაზარს 2024 წელს 18.7%-ით ამერიკული Apple-ი ლიდერობდა. კორეული Samsung-ის წილმა გასულ წელს 18%, ჩინური Xiaomi-ს წილმა კი 13.6% შეადგინა.