აშშ კუბას ტერორისტების სპონსორების სიიდან ამოიღებს

აშშ კუბას ტერორისტების სპონსორების სიიდან ამოიღებს

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ კუბას ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების (SST) სიიდან ამოიღებს. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ გადადგამს, რომლებიც კუბაში რეჟიმმა 2021 წლის საპროტესტო აქციების დროს დააკავა.

სიახლის გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ, კუბამ განაცხადა, რომ გაათავისუფლებს 553 პატიმარს, რომლებიც “სხვადასხვა დანაშაულისთვის” არიან დაკავებულნი. შესაძლოა, მათ შორის ოთხი წლის წინ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში 2021 წელს პირველი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში შეიყვანა. ამისთანავე ტრამპმა კუბაში იარაღის ექსპორტი და აშშ-ის მიერ ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გამოყოფა აკრძალა.

აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კუბა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაიდენის ნაბიჯი იყო “სწორი მიმართულებით” გადადგმული, მიუხედავად მისი “შეზღუდული ხასიათისა”.

ამჟამად კუბა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან და ირანთან ერთად ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აშშ-ს საერთაშორისო ტერორისტული აქტების მხარდამჭერ ქვეყნებად მიაჩნია. თუმცა, როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, ბოლო პერიოდის კვლევებით სიაში კუბის დატოვებისთვის საკმარისი მტკიცებულებები ან რაიმე სახის ინფორმაცია არ არსებობს.