სლოვაკეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ოპოზიცია პუტინთან დაახლოებულ პრემიერს სლოვაკეთის ევროკავშირიდან გაყვანის მომზადებაში ადანაშაულებს.
ფიცო სლოვაკეთის პარლამენტში მცირე უმრავლესობით სარგებლობს. სავარაუდოდ, პრემიერს მისი თანამოაზრე მინისტრები მხარს დაუჭერენ. პარლამენტს ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად მინიმუმ 76 ხმა დასჭირდება.
კენჭისყრამდე გამართული დებატების დროს “პროგრესული სლოვაკეთის” პარტიის ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ ფიცოს მოსკოვში ბოლო ვიზიტი გააკრიტიკა და მმართველი მემარცხენე პოპულისტური პარტია “სმერი” სლოვაკეთის ევროკავშირიდან გაყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.
„მე ამას ვხედავ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. სხვა არაფერი გვჭირდება უნდობლობის გამოცხადებისთვის“, – განაცხადა შიმეჩკამ.
ცოტა ხნის წინ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი უნდა მოემზადოს „კრიზისის ყველა შესაძლო სცენარისთვის“, რომლის წინაშეც ევროკავშირი შეიძლება მოკლევადიან პერიოდში აღმოჩნდეს, 27 წევრისგან შემდგარი ბლოკის დაშლის ჩათვლით.