საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლბის გაფართოების შეთავაზებით მიმართა. საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA-ის თანახმად, შეთავაზება $600 მილიარდის ინვესტირებას გულისხმობს.
SPA-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ ბინ სალმანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს შედგა. სატელეფონო საუბრისას, საუდის არაბეთის პრინცმა ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და ინვესტიციების გაფართოებისადმი მზადყოფნა გამოთქვა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რეფორმებით, „უპრეცედენტო ეკონომიკური კეთილდღეობის“ მიღწევის შესაძლებლობასაც გაუსვა ხაზი. SPA-ს არ დაუკონკრეტებია, თუ რა რეფორმებზე საუბრობდა პრინცი სალმანი.
ნავთობი საუდის არაბეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 55%-ს იკავებს. განცხადება, საუდის არაბეთის მიერ ფისკალური დეფიციტის გამოცხადებას მოჰყვა, რაც უმეტესწილად Vision 2030-ის დიდი დანახარჯების დამსახურებაა. Vision 2030 პრინც სალმანის ხედვაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მაქსიმალურად დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად. ამას დაერთო 2022 წლის შემდეგ ნავთობის ფასების ვარდნა, დაახლოებით ბარელზე $80-მდე, რაც $10-ით ნაკლებია იმაზე, რაც მთავრობის ბიუჯეტის დასაფინანსებლად საჭიროა.
Vision 2030-ის ფარგლებში, საუდის არაბეთის მთავრობა მილიარდობით დოლარის ინვესტირებას გეგმავს ყველა მიმართულებით – ხელოვნური ინტელექტით დაწყებული, ელექტრომობილებისა და ტურისტული კურორტების განვითარებით დასრულებული. საჯარო საინვესტიციო ფონდის განცხადებით, 2026 წლიდან, ყოველწლიურად ადგილობრივი ხარჯები $70 მილიარდამდე გაიზრდება.