„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მწვანე შუქი აუნთეს. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„ამ დილით, ევროკავშირის ელჩებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მწვანე შუქი აუნთეს. საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს დაამტკიცებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი ხმას წინააღმდეგ მისცემენ, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით წყდება,“ – წერს იოზვიაკი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ევროპულმა საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. პროცედურის დაწყებას მხარი კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაუჭირა. ეს უკანასკნელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ 55%-ს გულისხმობს, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.