ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი უკვე მეორე წელია STEM ოლიმპიადას კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სკოლებმა რეგისტრაცია 18 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ ბმულზე. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თითოეული სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული.
მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი სკოლის (ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გარდა) VII-XI კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ოლიმპიადა ორ ტურად გაიმართება, პირველ ეტაპზე მოსწავლეები დავალებებს ინდივიდუალურად შეასრულებენ. კერძოდ, სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს დაწერს. მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გადავა.
მეორე ეტაპზე გადასული გუნდების მენტორებს გადამზადების კურსი ჩაუტარდებათ, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან. ამასთან, მოსწავლეებს ექნებათ წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც ფინალურ ეტაპზე გამოადგებათ.
შესაბამისად, მეორე ტურში გუნდები პრაქტიკულ, საინჟინრო დავალებებზე იმუშავებენ. შედეგად კი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი გამოვლინდება.
„საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლებაა. შესაბამისად, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის არის კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, შეიძინონ ახალი ცოდნა, განივითარონ კრეატიული აზროვნების, გუნდური მუშაობის უნარები და საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. გასულ წელს STEM ოლიმპიადაში 200-მდე სკოლის 1200-მდე მოსწავლე და 200-მდე მასწავლებელი ჩაერთო. ვიმედოვნებთ, რომ წელს პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და უფრო მეტ რეგიონის სკოლას ვიხილავთ“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge