უკრაინა აშშ-თან მინერალების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს | დეტალები

უკრაინა აშშ-თან მინერალების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს | დეტალები

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც პარასკევს მინერალების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს. შეთანხმება აშშ-ს მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე ათვისებული ბუნებრივი რესურსებიდან შემოსავლის მიღებაში დაეხმარება. გარიგების გაფორმებამდე, გამოცემა Bloomberg-მა ხელშეკრულების პროექტზე დაყრდნობით, პარტნიორობის ძირითადი საკითხები გამოაქვეყნა:

  • ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა „რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს“ შექმნიან. ფონდი ქვეყნების ერთობლივი საკუთრებისა და მმართველობის ქვეშ იქნება. ფონდის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცალკე დოკუმენტებში იქნება განსაზღვრული.
  • უკრაინა სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%-ს ფონდში შეიტანს – მათ შორისაა: მინერალების, ნახშირწყალბადების, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ასევე პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის „მომავალი მონეტიზაციიდან“ შემოსავალი. ამ შემოსავლებში არ შედის ის, რაც უკვე უკრაინის ბიუჯეტის ნაწილია.
  • ფონდში შენატანები უკრაინაში განხორციელებულ პროექტებში რეინვესტირდება, რაც გააუმჯობესებს ქვეყნის „უსაფრთხოებას, დაცულობასა და კეთილდღეობას“. აშშ სტაბილური და ეკონომიკურად აყვავებული უკრაინის განვითარებისთვის გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებას შეინარჩუნებს.
  • პროექტი უკრაინას აშკარა გარანტიებს არ სთავაზობს. ამის სანაცვლოდ, მასში მოყვანილია აშშ-სა და უკრაინას შორის „გრძელვადიანი პარტნიორობა“, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას ეფუძნება.
  • ორივე მხარე იმუშავებს, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის მომავალ ვალდებულებებს ან მის შეთანხმებებს – მათ შორის ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და კრედიტორებთან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, იშვიათი მინერალების მიწოდება შესთავაზა. თავდაპირველი გეგმით, ტრამპის თქმით, უკრაინას სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%, მაქსიმუმ $500 მილიარდი, აშშ-ის მიერ კონტროლირებად საინვესტიციო ფონდში უნდა შეეტანა. თუმცა ეს მოთხოვნა ხელშეკრულების ახალი ტექსტიდან ამოღებულია.

პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონს ხვალ, 28 თებერვალს ეწვევა. მისივე განცხადებით, აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია უკვე მზადაა: „მთავარი საკითხები, რომლებიც მე წამოვაყენე, იქ [დოკუმენტში] ძალიან კარგად ჟღერს. და ნამდვილად, ორივე მხარემ იმუშავა – უკრაინელებმაც და ამერიკელებმაც. ჩემთვის მთავარი იმის ხაზგასმა იყო, რომ ჩვენ მოვალეები არ ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რა ისმის მედიაში. შეთანხმება არ მოიცავს 500 მილიარდის ვალდებულებას, არც 350-ს და არც 100 მილიარდს. რადგან ეს ჩვენ მიმართ უსამართლობა იქნებოდა“.