Citigroup-მა მომხმარებელს შეცდომით $81 ტრილიონი დაურიცხა

Citigroup-მა მომხმარებელს შეცდომით $81 ტრილიონი დაურიცხა

Financial Times-ის ინფორმაციით, Citigroup-მა მომხმარებელს ანგარიშზე, $280-ის ნაცვლად, შეცდომით $81 ტრილიონი დაურიცხა. გამოცემის ცნობით, ბანკს ტრანზაქციის უკან დასაბრუნებლად საათები დასჭირდა და თანხის დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო.

შემთხვევა ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში მოხდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია FT-მა შიდა ანგარიშსა და ორ პირზე დაყრდნობით ახლახან მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შეცდომა შეუმჩნეველი დარჩა ბანკის გადახდების თანამშრომელს, ასევე მის კოლეგას, რომელსაც ტრანზაქციის გადამოწმება ევალებოდა.

საბოლოოდ, უზუსტობა მესამე თანამშრომელმა გადახდის დამუშავებიდან საათ-ნახევრის შემდეგ დააფიქსირა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ტრანზაქცია შეცვალა. როგორც Citi-მ Reuters-ს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში განუცხადა, ინციდენტს ბანკზე ან კლიენტზე გავლენა არ მოუხდენია.

FT-ის მიერ მოპოვებული შიდა მოხსენების თანახმად, გასულ წელს Citi-მ 10 შეცდომა დაუშვა, რა დროსაც $1 მილიარდის ან მეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. 2023 წელს ასეთი შეცდომების რიცხვმა 13 შეადგინა. Citi-მ FT-სთვის ამ მოხსენებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.