უკრაინის მინერალური რესურსები

უკრაინის მინერალური რესურსები

გასულ კვირას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის კამათით დასრულების შემდეგ, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა ქვეყნებს შორის მოცემულ საკითხზე მოლაპარაკებები.

ცნობისთვის, შეთანხმება უკრაინის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ათვისებული სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის სპეციალურ ფონდში შეტანას ითვალისწინებდა. ამ ფონდის საკუთრებისა და მართვის უფლებას ორივე ქვეყანა გაინაწილებდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებით დაინტერესების შესახებ საფრანგეთმაც განაცხადა. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, რომელიც უკრაინის წიაღისეულზე წვდომას ომში მყოფი ქვეყნისთვის გაწეული დახმარების კომპენსაციად მოიაზრებს, საფრანგეთი მათ შეძენას გეგმავს.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყანა წიაღისეულთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკრაინასთან გასული წლის ოქტომბრის შემდეგ აწარმოებს. ლეკორნუს არ გაუმჟღავნებია, კონკრეტულად რომელ წიაღისეულზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის საფრანგეთს თავდაცვის ინდუსტრიისთვის სჭირდებათ.

უკრაინა აცხადებს, რომ 50-დან 23 სახის სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღისეულს ფლობს, რომლებიც აშშ-ის მიერ კრიტიკულად არის მიჩნეული. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მსოფლიო მინერალური რესურსების 5%-ია თავმოყრილი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $15 ტრილიონს შეადგენს. დონალდ ტრამპის მიზანი, ქვეყნის დახმარების გასაგრძელებლად და აქამდე გაწეული დახმარების კომპენსაციისთვის, უკრაინის $500 მილიარდის იშვიათ მინერალებზე წვდომის მიღება იყო.

როგორც უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანას ევროპის მასშტაბით ლითიუმის ერთ-ერთი უდიდესი საბადო აქვს, თუმცა დღეის მდგომარეობით წიაღისეული არ მოიპოვება.

გარდა ამისა, უკრაინა, გრაფიტის მარაგების თვალსაზრისით, მსოფლიოს ხუთ წამყვან ქვეყანას შორის ერთ-ერთია. ის დაახლოებით 343 მილიონ ტონა მარაგს ფლობს, რომლის 4-10% სუფთა გრაფიტია.

ამასთან, ქვეყანა ფლობს ტიტანის მსოფლიო მარაგის 1%-ს, მათ შორის ტოპ-10 სახელმწიფოში შედის ილმენიტის, ხოლო ტოპ-5 ქვეყანაში რუტილის მარაგით. ცნობისთვის, რუტილი (TiO2) და ილმენიტი (FeTiO3) მინერალებია, რომლებშიც ტიტანი გვხვდება. ტიტანის გლობალურ მოპოვებაში უკრაინაზე 7% მოდის.

უკრაინაში ექვსი ადგილია, სადაც იშვიათი ტუტემიწა მეტალებია აღმოჩენილი. ტანტალისა და ნიობიუმის მოპოვება მხოლოდ ტიტანის მეორეული პროდუქტის სახით ხდება. გარდა ამისა, უკრაინას აქვს ბერილიუმის ერთი საბადო, სადაც 13.9 ათასი ტონა BeO-ის მარაგია. მთავრობის განცხადებით, იშვიათი ტუტემიწა მეტალების მოპოვების პერსპექტივები დაკავშირებულია ნოვოპოლტავსკის განვითარებასთან. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში, რომელიც შეიცავს ფოსფატის მადნების დადასტურებულ მარაგებს და იშვიათი ტუტემიწა მეტალების მეორეულ პროდუქტებს, მათ შორისაა: ტანტალი, ნიობიუმი, სტრონციუმი, მაგნეტიტი.

ამასთან, უკრაინას აქვს ფერადი ლითონების 12 საბადო: ნიკელის მარაგით – 390 ათასი ტონა, კობალტის – 20 ათასი ტონა, ქრომის ოქსიდის – 700 ათასი ტონა და სპილენძის – 101 ათასი ტონა. ამ დროისთვის ქვეყანაში აღნიშნული წიაღისეული არ მოიპოვება.

უკრაინას ევროპის მასშტაბით ურანის უდიდესი მარაგი აქვს, მსოფლიოში კი ტოპ-10 ქვეყანას შორისაა. გლობალურად ურანის მოპოვების 2% სწორედ უკრაინაზე მოდის. ის ურანს სამ მიწისქვეშა მაღაროში მოიპოვებს და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების 20-დან 40%-მდე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მინერალური რესურსების დიდი ნაწილი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.

ძირითადი მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც უკრაინაში მოიპოვება (მარაგი, წილი გლობალურ მოპოვებაში, პოზიცია მარაგის მიხედვით): 

ელემენტიმარაგი (ტონა)გლობალური მოპოვება (%)მარაგით გლობალურ რეიტინგში
ნახშირბადი18,600,0004%#5
მანგანუმი140,000,0001.6%#4
რკინა6,500,000,0001.5%#8
ბერილიუმი13,900
ლითიუმიარ არის საჯარო#1 (ევროპა)
ტიტანიარ არის საჯარო7%#9
ურანიარ არის საჯარო2%#1 (ევროპა)

წყარო: Ukrainian Geological Survey