დღეს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დასთანხმდა. ამის შესახებ მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება ცეცხლის დაუყოვნებელი, 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით გახანგრძლივდეს, რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებისა და ერთად განხორციელების პირობით,“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებიდანვე ირკვევა, რომ შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ აღადგენს უკრაინის სამხედრო დახმარებას და მისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს.
დელეგაციებმა შეხვედრის დროს ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ზემოაღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში. მათ შორის მხარეებმა ისაუბრეს სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, მშვიდობიანი დაკავებულების გათავისუფლებასა და რუსეთში იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაზე.
როგორც განცხადებაში წერია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან უნდა განიხილოს. გარდა ამისა, უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპელი პარტნიორები ჩაერთვებიან.
ბოლოს კი განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს ხელშეკრულება უკრაინის კრიტიკული მინერალების შესახებ, ამერიკული დახმარების კომპენსაციისთვის და უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტირებისთვის.