ფინეთი უკრაინას $217 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ფინეთი უკრაინას $217 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 28-ე პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ევროა (217.4 მილიონი აშშ დოლარი). ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა დაადასტურა, რომ ახალ პაკეტში შედის საარტილერიო საბრძოლო მასალა, რაც მიუთითებს უკრაინის გადაუდებელ საჭიროებაზე ასეთი მარაგისთვის.

„უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეროვნული ერთსულოვნება არსებობს,“ – განაცხადა ჰაკანენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 28-ე პაკეტის წარდგენისას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას ანტი ჰაკანენმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. შეთანხმება საბრძოლო მასალის წარმოებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, სფეროში კვლევებსა და ინოვაციების დანერგვას მოიცავს.

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა უკრაინას 2.5 მილიარდი ევროს (2.6 მილიარდი აშშ დოლარი) დახმარება გაუწია. 26 თებერვალს კი ჰელსინკი კიევს დამატებით 660 მილიონი ევროს (691 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, მათ შორის შიდა წარმოების აღჭურვილობას.