2025 წლის საუკეთესო ქვეყნები საცხოვრებლად და სამუშაოდ

2025 წლის საუკეთესო ქვეყნები საცხოვრებლად და სამუშაოდ

Henley Opportunity Index-მა 2025 წლისთვის მსოფლიოში საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნები გამოავლინა. სია ექვს პარამეტრზე დაყრდნობით შემუშავდა – შემოსავლის პოტენციალი, კარიერული წინსვლა, დასაქმების პერსპექტივები, პრემიუმ განათლება, ეკონომიკური მობილურობა და მაღალი სიცოცხლისუნარიანობა. ქვეყნებს თითოეულ კატეგორიაში მაქსიმუმ 100 ქულის მიღება შეეძლოთ. მონაცემები 2025 წლის იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში შეგროვდა.

რეიტინგში პირველ ადგილს ევროპული ქვეყანა, შვეიცარია იკავებს, რომელმაც მისთვის საუკეთესო შედეგები შემოსავლის პოტენციალის (100 ქულა), კარიერის ზრდის შესაძლებლობისა (81 ქულა) და ეკონომიკური მობილურობის (92 ქულა) კუთხით აჩვენა. შვეიცარიის ზოგადი, საშუალო ქულა 84-ია და სიაში მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანას 5 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში მსოფლიოს 250 საუკეთესო უნივერსიტეტიდან შვიდი მდებარეობს, რაც ქვეყანაში მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომაზეც მიანიშნებს.

მეორე პოზიციაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურია. მან შვეიცარიის მსგავსად შემოსავლის პოტენციალით 100 ქულა დააგროვა, დასაქმების პერსპექტივებით კი – 99. საერთო ჯამში სინგაპურის საშუალო ქულა 79-ს გაუტოლდა და სიის მესამეადგილოსანს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, 1 ქულით აჯობა.

შესაბამისად, რეიტინგის მესამე ადგილზე მყოფი აშშ სიაში 78 ქულით არის წარმოდგენილი. ქვეყანამ მისთვის საუკეთესო შედეგები შემოსავლის პოტენციალისა (89 ქულა) და დასაქმების პერსპექტივების (85 ქულა) კუთხით აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში იმიგრანტი ინვესტორების პროგრამა – EB-5 მუშაობს, რომელიც მათ ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლისკენ გამარტივებულ გზას სთავაზობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ მდიდარი ინვესტორების მისაზიდად „ოქროს ბარათი“ შემოიღო, რომელიც ბინადრობისა და მუშაობის, ასევე სხვების დაქირავების უფლებას იძლევა, ამასთან, მოქალაქეობის მიღებისკენ მარტივ გზას წარმოადგენს. თუმცა „ოქროს ბარათის“ მსურველს 5 მილიონი დოლარის ინვესტირება მოუწევს.

მსგავსი სისტემა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც მოქმედებს. ის ქვეყანაში ცხოვრებისა და ფეხის მოკიდების მსურველებს Golden Residence-ვიზას მინიმუმ 550,000 აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ სთავაზობს.

აქვე გეტყვით, რომ ტოპ-10-ში შვეიცარიის გარდა ევროპაში მდებარე კიდევ სამი ქვეყანაა: გაერთიანებული სამეფო, ავსტრია და იტალია.