ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავა წააგო - მას $170 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავა წააგო - მას $170 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

დღეს, 19 მარტს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, TV Imedi-ის მფლობელ ირაკლი რუხაძესა და მის ბიზნესპარტნიორებს Revoker-ისა და Recovery Partners-ისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრათ.

განაჩენის მიხედვით, ირაკლი რუხაძესა და მის ბიზნსეპარტნიორებს – ბენჯამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს – ზემოხსენებული კომპანიებისთვის 170 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს ბრიტანულმა სასამართლომ რუხაძე Salford Capital Partners International-ის (Revoker-ისა და Recovery Partners-ის მშობელი კომპანია) მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა. ეს კომპანია პატარკაციშვილის ოჯახს აქტივების დაბრუნებაში ეხმარებოდა.

2009 წლის დეკემბერში ირაკლი რუხაძემ Salford-ში დირექტორის თანამდებობა დატოვა, ჰოლდინგის მიერ დაფუძნებული კომპანიები კი მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოაშორა. სანაცვლოდ, მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა დააფუძნეს Hunnewell Partners-ი, რომელმაც ეს პროექტი მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა მომსახურების პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს და მის პარტნიორებს Salford-ის კომპანიებისთვის, Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP-ისთვის, პროექტის წართმევის გამო, $170-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ბრალდებულებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა დღევანდელი განაჩენის მიხედვით, მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.