მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ზე $6.3 მლრდ-ის აქტივები დაჰაკეს

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ზე $6.3 მლრდ-ის აქტივები დაჰაკეს

ფოტო: Getty Images

 

ჰაკერებმა მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტოსავაჭრო ბირჟა Binance-დან $6.3 მილიარდი მოპარვა სცადეს. ქურდობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს კრიპტობირჟის გაძარცვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იქნება. კრიპტოანალიტიკოსები ჰაკერულ თავდასხმას ჩრდილოკორეელ ჰაკერებს მიაწერენ.

ახალი ამბების ფონზე კრიპტოვალუტის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა, Binance-მა კი თანხის გატანის ფუნქცია შეზღუდა და განაცხადა, რომ დანაკარგებს სრულად დაფარავს. მოპარული აქტივების დაახლოებით ნახევარი სწრაფად გაყინეს სტაბილური კრიპტოვალუტების ემიტენტებმა – Tether-მა, Circle-მა და ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა World Liberty Financial-მა.

ამერიკული ბლოკჩეინის ანალიზის ფირმების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის ცნობით, ძარცვის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 20 წუთში განხორციელდა და მას ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული წინა მასშტაბური თავდასხმების მსგავსი ხელწერა ჰქონდა.

TRM-ის თქმით, თავდამსხმელებმა შეძლეს Binance-ის მიერ გამოყენებული საფულეების ჰაკერების მიერ კონტროლირებად საფულეებში გადატანა, რაც ზუსტად იმეორებს 2025 წელს კრიპტობირჟა Bybit-ის ძარცვის სქემას, რომელზე პასუხისმგებლობაც აშშ-ის ფედერალურმა გამოძიების ბიურომ ფხენიანს მიაწერა.

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ხელისუფლების, ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ცნობით, ჩრდილოეთი კორეა წლების განმავლობაში იყენებდა სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კიბერდანაყოფებს ჯაშუშობის, ფინანსური თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების მისაღებად. ჩრდილოეთი კორეა ამ ბრალდებებს რეგულარულად უარყოფს.

Binance-ის განცხადებით, მომხმარებლის აქტივები უსაფრთხოდაა და კომპანია დაზარალებული აქტივების ნაწილის გასაყინად პარტნიორებთან თანამშრომლობს. კომპანიის ცნობით, ამ დროისათვის დაახლოებით $3 მილიარდი ნაპოვნია. დარჩენილი $3.3 მილიარდის სტატუსი კი ჯერჯერობით უცნობია. Binance–ი ვარაუდობს, რომ აქტივების გატანის სერვისები მომდევნო 48 საათში განახლდება.

„თქვენი ფული უსაფრთხოდ არის და ჩვენ ყველა დანაკარგს დავფარავთ“, – განაცხადა X-ზე Binance-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა.

Binance-ის განცხადებით, პირველადი გამოძიების თანახმად, შესაძლოა, ინციდენტი კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხით დაწყებულიყო, რამაც თავდამსხმელს საშუალება მისცა, წვდომა მოეპოვებინა სისტემებზე და თანხები უნებართვოდ გაეტანა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.