სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.56 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6%-ით მეტია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 835.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 4.0%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, მან 2.73 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და წლიურ ჭრილში 19.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.89 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.2%-ია.
აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7% შეადგინა. ტოპ-სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (166.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (100.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (97.7 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5% შეადგინა. პირველ სამეულში მოხვდნენ: აშშ (478.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (344.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (337.9 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.9% შეადგინა. ტოპ-3 ასე გამოიყურება: აშშ (486.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (384.3 მლნ. აშშ დოლარი).
