გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით $3.3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფას დათანხმდა

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით $3.3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფას დათანხმდა

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 3 მილიარდი ევროს (3.3 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას დათანხმდა, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა ფისკალური ცვლილებების შესახებ გეგმებს მხარი დაუჭირეს. აღნიშნული ინფორმაცია The Kyiv Independent-ს გერმანიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, სამხედრო დახმარების პაკეტი კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაბლოკა, თუ ის დამატებითი სესხით არ დაფინანსდებოდა. თუმცა შოლცს კანცლერის პოსტზე მალე ფრიდრიხ მერცი ჩაანაცვლებს, რომლის კონსერვატიულმა ალიანსმაც CDU/CSU თებერვალში გამართულ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მერცმა, რომელიც სოციალ-დემოკრატებთან (SPD) ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნას ცდილობს, ამ კვირის დასაწყისში წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტმა მის მიერ წარდგენილ თავდაცვის ხარჯების ზრდის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

Reuters-ის ცნობით, საპარლამენტო ბიუჯეტის კომიტეტმა უკრაინისთვის გამოსაყოფი თანხები 21 მარტს უნდა დაამტკიცოს, თუ ბუნდესრატის ზედა პალატა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინის უდიდესი სამხედრო დონორია ევროპაში. ცნობისთვის, ზემოხსენებული 3 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი 2025 წელს კიევისთვის უკვე გამოყოფილ 4 მილიარდ ევროს (4.36 მილიარდი დოლარი) დაემატება.