ევროპაში Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა

ევროპაში Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა

ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებში Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა. კერძოდ, წლის პირველ ორ თვეში ევროკავშირის ბაზარზე Tesla-მ 19,046 ელექტრომობილი გაყიდა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში კომპანიის მიერ ამავე ბაზაზე გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობამ კი 37,311 ერთეული შეადგინა.

ბრენდის აქციონერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის პოლიტიკური აქტივობის მსხვერპლი გახდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს, რომელიც ფედერალური სააგენტოების შევიწროებასა და დაშლაზეა პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, მასკი საკამათო პოლიტიკურ განცხადებებსაც არ ერიდება, მათ შორის ევროპასთან დაკავშირებით. მილიარდერი ევროპის ქვეყნების ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერას აქტიურად უცხადებს. საბოლოოდ, ილონ მასკის პოლიტიკური აქტივობა Tesla-ს აქციონერებისა და მომხმარებლების განწყობაზე უარყოფითად აისახა, როგორც ჩანს ევროპაშიც. შეგახსენებთ, მასკის გამო, აშშ-ში ბრენდს ბოიკოტი გამოუცხადეს და მომხმარებლებმა Tesla-ს ელექტრომობილების დაზიანება დაიწყებს.

ევროპაში Tesla-ს გაყიდვების კლების ფონზე, ჩინური ავტოგიგანტი, SAIC Motor-ი შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს. 2025 წლის პირველ ორ თვეში ევროკავშირში კომპანიის გაყიდვები 39.2%-ით გაიზარდა და 30,176 ერთეული შეადგინა.