როგორ გააორმაგა დონალდ ტრამპმა ქონება ერთ წელიწადში?

როგორ გააორმაგა დონალდ ტრამპმა ქონება ერთ წელიწადში?

ერთი წლის განმავლობაში, დოლანდ ტრამპმა მოახერხა მეორე ვადით თეთრ სახლში დაბრუნებულიყო, ამასთან ერთად კი თავისი ქონება თითქმის გაეორმაგებინა – ძირითადად მისი სოციალური ქსელის, პლატფორმა Truth Social-ისა და კრიპტოს წყალობით. Forbes-ის უახლესი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიმდიდრე, მხოლოდ ერთ წელიწადში, $2.3 მილიარდიდან $5.1 მილიარდამდე გაიზარდა. და ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს, ტრამპის ანგარიშზე დაახლოებით $413 მილიონის ნაღდი ფული და თაღლითობის ბრალდებით, ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ შეფარდებული $454-მილიონიანი ჯარიმა ირიცხებოდა.

მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში ცნო. თუმცა ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ $454 მილიონის ნაღდი ფულით გადახდა არ შეეძლო და სასამართლოს ობლიგაციის თანხის შემცირების მოთხოვნით მიმართა. იშვიათ შემთხვევებში სასამართლო ამ ტიპის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ახლაც, ტრამპის ჯარიმა $175 მილიონამდე შემცირდა და მან აქტივების ჩამორთმევაც თავიდან აირიდა.

შემდგომში ტრამპმა უკვე ბიზნესმენის ხედვა გამოიყენა და სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ის მშობელი კომპანიის აქციები საჯაროდ დალისტა. ტრამპის კომპანიას მილიონობით დოლარის შემოსავალთან ერთად, ათობით მილიონის ზარალი მოაქვს, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მხარდამჭერი ინვესტორებისთვის, რომლებიც კომპანიის აქციებს საკმაოდ მაღალი ღირებულებით ყიდულობდნენ. 7 მარტის მდგომარეობით, ტრამპი კომპანიაში $2.6 მილიარდის ღირებულების აქციებს კვლავ ფლობს, რაც მისი სიმდიდრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

შედეგად გაიზარდა ტრამპის ქონების ღირებულება, თუმცა არა ლიკვიდურობა –  ტრამპს ნაღდი ფული სჭირდებოდა, მაგრამ თავისი აქციების გაყიდვა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ტრამპმა კრიპტოზე გადასვლა გადაწყვიტა. ოქტომბერში ახალი კრიპტოპლატფორმა გაეშვა, სახელწოდებით World Liberty Financial-ი, რომელშიც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი მნიშვნელოვან წილს ფლობდა. პლატფორმა დამწყებებს ტოკენებს სთავაზობდა, თუმცა შეძენის შემდეგ მფლობელებს ამ ტოკენების გადაყიდვა აღარ შეეძლოთ.

თავდაპირველად, ტრამპის კრიპტოვალუტა მომხმარებელში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ ეს მოცემულობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეიცვალა. გადასახადების გარეშე, ამ პლატფორმამ ტრამპს დაახლოებით $245 მილიონი მოუტანა. ამასთან ერთად, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპმა თავისი ციფრული ტოკენი, $TRUMP-ი წარადგინა, ოფიციალური სახელწოდებით Official Trump-ი. ტოკენის გაშვებაზე განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით 36 საათის გასვლის შემდეგ ერთი მონეტის ღირებულება 1,100%-ით, $6-დან $75-მდე გაიზარდა. უცნობია, რა მოგება მიიღო ტოკენის გაშვებით ტრამპმა, თუმცა ამერიკული Forbes-ის გაანგარიშებით, მხოლოდ $TRUMP-დან პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, $110 მილიონი გამოიმუშავა.

თუმცა ბოლო პერიოდში ტრამპის ქონება შედარებით შემცირდა. თუ Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის გამოქვეყნებისთვის, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი $5.1 მილიარდს ფლობდა, ახლა მისი ქონება $4.5 მილიარდამდეა შემცირებული. რაც შეეხება ტრამპის ტოკენს, $TRUMP-ის ერთი მონეტის ფასი ამჟამად $7.7-ს უტოლდება.