აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს ამცირებს

აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთი ჰოლივუდის ფილმების იმპორტს ამცირებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინური პროდუქციის იმპორტზე ტარიფების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, აზიური სახელმწიფო ჰოლივუდური ფილმების იმპორტს შეამცირებს. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

თუმცა, როგორც ინდუსტრიის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, ამ ნაბიჯის ფინანსური გავლენა ჰოლივუდზე არც ისე მძიმე იქნება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო წლებში ჩინურ კინობაზარზე ამერიკული ფილმების შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

გასული სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი წლიურად 10 ჰოლივუდური ფილმის იმპორტს ახორციელებდა, თუმცა პეკინის კინემატოგრაფიის ეროვნული ადმინისტრაციის (NFA) განცხადებით, ტრამპის ტარიფების პოლიტიკამ ჩინელი მაყურებლების ინტერესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

„ჩვენ ბაზრის კანონებს მივყვებით, პატივს ვცემთ მაყურებლის არჩევანს და ამერიკული ფილმების რაოდენობას ზომიერად შევამცირებთ“, –აღნიშნულია NFA-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადრე ჰოლივუდის სტუდიები ჩინეთის მსოფლიოში მეორე უდიდეს კინობაზარზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივმა ფილმებმა შემოსავლებით ჰოლივუდურ პროდუქციას გადაუსწრო. მაგალითად, 2025 წელს გამოსულმა „Ne Zha 2“ Pixar-ის „Inside Out 2“-ს აჯობა და ჩინეთში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა.

პროდიუსერისა და წიგნების ავტორის, კრის ფენტონის განცხადებით, ჩინეთის ნაბიჯი თავად ამ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი არ იქნება, რადგან ჰოლივუდის ფილმებზე ჩინეთის კინოთეატრების სალაროების მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 5% მოდის. მისივე განცხადებით, ჰოლივუდის სტუდიების შემოსავალში ჩინეთში ბილეთების გაყიდვით მიღებულ თანხას 25%-იანი წილი უჭირავს.

„ეს ნაბიჯი პეკინის მხრიდან არის ძალის დემონსტრირება, რომელიც ვაშინგტონის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს“, – აცხადებს ფენტონი.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინური საქონლის იმპორტზე დაწესებული ტარიფები კიდევ უფრო გაზარდა. ამჟამად ის უკვე 145%-ს შეადგენს და ზოგ შემთხვევაში ამ ნიშნულსაც კი აჭარბებს.