გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო დაზვერვის სამსახურს (MI6) ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობას ბლეიზ მეტრეველი დაიკავებს, რომელიც ამ პოზიციაზე პირველი ქალი იქნება.
როგორც Financial Times-ი წერს, 47 წლის მეტრეველის გვარი ქართულია, ის თავისუფლად ფლობს არაბულ ენას და გამოირჩევა ახლო აღმოსავლეთში მუშაობის სიღრმისეული გამოცდილებით — მათ შორის, კონფლიქტის ზონებში.
ბლეიზ მეტრეველის კარიერა დაზვერვის სამსახურში უკვე 26 წელს ითვლის. მან ასევე იმუშავა გაერთიანებული სამეფოს შიდა დაზვერვის სააგენტოში და ხელმძღვანელობდა K დეპარტამენტს, რომელიც ბრიტანეთისკენ მომდინარე საფრთხეებს აკონტროლებს ისეთი „მტრული ქვეყნებისგან“, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.
მეტრეველი MI6-ის პოსტს ოფიციალურად 2025 წლის ოქტომბერში ჩაიბარებს, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელ ხელმძღვანელს, რიჩარდ მურს, ხუთწლიანი ვადა ამოეწურება.
ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას „ისტორიული“ უწოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა. მან აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, უპრეცედენტო მასშტაბების საფრთხეების ფონზე.