ამერიკული Tesla-ს მეორე კვარტალის მონაცემებმა კომპანიის ინვესტორებისა და Wall Street-ის ანალიტიკოსების ისედაც დაბალი პროგნოზები ვერ გაამართლა. FactSet-ის შეფასებით, გასულ კვარტალში Tesla-მ 384,122 ელექტრომობილი გაყიდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 387,000 ერთეულზე ნაკლებია.
შედეგად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან (444,000 ელექტრომობილი) შედარებით, Tesla-ს გაყიდვები 13%-ით დაეცა, რაც კომპანიისთვის ყველაზე დიდი წლიური ვარდნაა. Tesla მეორე კვარტალის მოგებას 23 ივლისს, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს.
აღნიშნული კლების მიუხედავად, წინასავაჭრო პერიოდში, Tesla-ს აქციების ღირებულება 4%-ზე მეტით გაიზარდა. ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასის ზრდის მიზეზი გახლდათ ის, რომ Tesla-მ ზოგიერთი მსხვილი ბანკის, მაგალითად, J.P. Morgan-ის ყველაზე ცუდ სცენართან შედარებით, უკეთესი შედეგები დააფიქსირა. ცნობისთვის, J.P. Morgan-ი მეორე კვარტალში 365,000 ელექტრომობილის მიწოდებას პროგნოზირებდა. თუმცა ამ ზრდის გათვალისწინებითაც, Tesla-ს აქციების ღირებულება დეკემბრის მაქსიმუმთან შედარებით 30%-ითაა შემცირებული.
Tesla-ს აქციების ფასი, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, არასტაბილურ ტენდენციას ინარჩუნეს. ამას ემატება ელექტრომობილების მწარმოებლისთვის წამყვან ბაზრებზე გაყიდვების ვარდნა. მაისის მონაცემებით, გაყიდვების 15%-იანი ვარდნა ფიქსირდება Tesla-ს უმსხვილეს ბაზარზე, ჩინეთში.