

Forbes Georgia
ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა

2024 წელს საქართველომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებით მსოფლიოში მე-16 ადგილი დაიკავა. 2022-2023 წლებში საქართველო მე-19 ადგილს იკავებდა.
სტატიაში ღვინის ექსპორტზე ინფორმაციის წყარო The World Factbook-ია.
2024 წელს საქართველომ 276 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 6.5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. 2024 წელს მსოფლიოში სულ 39 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0.7% იყო.
საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა თავის ქვეყანაში ქართული ღვინის შეტანა დაუშვა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი განახევრდა, 2016-2019 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2020-ში კი პანდემიის გამო შემცირდა. 2021-2024 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და 2019 წელთან შედარებით 24%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს საქართველომ ღვინო სულ 72 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 183 მლნ დოლარის რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 66%-ია. მეორე ადგილზე პოლონეთი იყო, სადაც 17 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა (13 მლნ დოლარი), ყაზახეთი (11 მლნ დოლარი), ჩინეთი 9 მლნ 9დოლარი) და აშშ (7 მლნ დოლარი).
საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი

მოცულობის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 95 ათასი ტონა ღვინო გაიტანა, რაც 6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ღვინის ექსპორტით ლიდერი ქვეყნები
The World Factbook-ის მონაცემებით, 2024 წელს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, რომელმაც საზღვრებს გარეთ 13 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს ღვინის მსოფლიო საექსპორტო ბაზრის 33.3% უჭირავს. მეორე ადგილზეა იტალიაა, რომელმაც ექსპორტზე 8.8 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთსა და იტალიას ერთად ღვინის მსოფლიო ექსპორტის 55% წილი უჭირავთ. მესამე ადგილზე ესპანეთია 3.2 მილიარდი დოლარის ექსპორტით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე ღვინის მსოფლიო ექსპორტის 78% მოდის.
არაევროპული ქვეყნებიდან ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტს ავსტრალია (1.8 მილიარდი დოლარი) და ჩილე (1.6 მილიარდი დოლარი) ახორციელებენ.
ღვინის ექსპორტის ღირებულებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ავსტრია (274 მლნ დოლარი) და დანია (243 მლნ დოლარი) არიან.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ღვინის წარმოებით და ექსპორტით არ გამოირჩევიან. 2024 წელს თურქეთმა 26 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე და მსოფლიოში 38-ე ადგილი დაიკავა. სომხეთმა 18 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, აზერბაიჯანმა 5.4 მლნ დოლარის, რუსეთმა კი 4.4 მლნ დოლარის.
მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აშშ-ია, რომელმაც 2024 წელს 7 მილიარდის ღვინო იყიდა, რაც რუსეთში ღვინის იმპორტზე 9-ჯერ მეტია.
ღვინის ექსპორტიორი ტოპ-20 ქვეყანა, 2024 წელი
ქვეყანა | მლნ აშშ დოლარი | |
1 | საფრანგეთი | 12,663 |
2 | იტალია | 8,806 |
3 | ესპანეთი | 3,164 |
4 | ავსტრალია | 1,804 |
5 | ჩილე | 1,622 |
6 | აშშ | 1,252 |
7 | ახალი ზელანდია | 1,220 |
8 | გერმანია | 1,106 |
9 | პორტუგალია | 1,045 |
10 | არგენტინა | 682 |
11 | სამხრეთი აფრიკა | 648 |
12 | ბელგია | 620 |
13 | სინგაპური | 519 |
14 | ნიდერლანდები | 498 |
15 | გაერთიანებული სამეფო | 491 |
16 | საქართველო | 276 |
17 | ავსტრია | 274 |
18 | დანია | 243 |
19 | უნგრეთი | 175 |
20 | ლატვია | 151 |
წყარო: The World Factbook
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


Diddy-ის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოაცხადეს | რას ითვალისწინებს განაჩენი?

ინოვაცია და ტრადიცია ერთ ყუთში: როგორ იზრდება Craftbox.ge ევროპული მხარდაჭერით?

იტალია ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირების სახელზე ნახევარ მილიონ სამუშაო ვიზას გასცემს

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
