მარსული წარმომავლობის მეტეორიტი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ $5.3 მილიონად გაიყიდა

მარსული წარმომავლობის მეტეორიტი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ $5.3 მილიონად გაიყიდა

24.5 კილოგრამი წონის მარსული წარმომავლობის მეტეორიტი Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 5.3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს დედამიწაზე აღმოჩნეილი მარსის უდიდესი ნაწილია. აუქციონის გამარჯვებულის ვინაობა არ საჯაროვდება.

მარსის ფრაგმენტი 2023 წლის ნოემბერში მეტეორიტების მაძიებელმა საჰარის უდაბნოში, ნიგერის შორეულ აგადესის რეგიონში აღმოაჩინა. „იქ მყოფმა ხალხმა უკვე იცოდა, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო“, – განაცხადა აუქციონის დაწყებამდე კასანდრა ჰატონმა, Sotheby’s-ის ვიცე-თავმჯდომარემ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ნაწილები ლაბორატორიაში მიიტანეს და გამოიკვლიეს, გაირკვა, რომ ეს მარსული წარმომავლობის მეტეორიტი იყო, ასევე ჩვენს პლანეტაზე ოდესმე მიკვლეული მარსის ყველაზე დიდი ნაწილი.

მეცნიერების ვარაუდით, დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ, ასტეროიდი ან კომეტა მარსს იმდენად ძლიერად დაეჯახა, რომ მისი კლდოვანი ზედაპირის ნამსხვრევები კოსმოსში გაისროლა. „ის სწრაფად წამოვიდა… კოსმოსში 140 მილიონი მილის გავლის შემდეგ კი, დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა“, – განაცხადა ჰატონმა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, როგორ სხვა ჩემთვხვევებში ხდება, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში NWA 16788-ის დიდი ნაწილი დაიწვა.

„წარმოუდგენელია, რომ ის გადარჩა და შემდეგ ოკეანის ნაცვლად უდაბნოს შუაგულში ჩამოვარდა – ისეთ ადგილას, სადაც ჩვენ მისი პოვნა შეგვეძლო“, – თქვა ჰატონმა.

დედამიწაზე დაახლოებით 400 ოფიციალურად აღიარებული მარსული წარმომავლობის მეტეორიტია აღმოჩენილი, რომელთაგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, NWA 16788 ყველაზე დიდია.