The New York Times-ის ცნობით, შესაძლოა პენტაგონმა კატარის მიერ დონალდ ტრამპისთვის ნაჩუქარი თვითმფრინავის განახლებისთვის Sentinel-ის ბირთვული სარაკეტო პროგრამის ბიუჯეტიდან 934 მილიონი დოლარი გამოიყენოს. გამოცემას ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც Sentinel-იდან აღნიშნული თანხა გასაიდუმლოებულ პროექტზე გადაირიცხა.
ამ ეჭვებს აძლიერებს საჰაერო ძალების ოფიციალური წარმომადგენლების განაცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიღებული თვითმფრინავის მოდერნიზებისთვის Sentinel-ის ფინანსური სახსრები იქნება გამოყენებული. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, მოხმარდება თუ არა $934-მილიონიანი ტრანზაქციის მთლიანი თანხა Boeing 747-8-ის განახლებას. საჰაერო ძალების განმარტებით, თვითმფრინავის განახლების ღირებულებაზე საჯაროდ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ეს გასაიდუმლოებულია.
საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა, ივნისში კონგრესს განუცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის დათვლებით, კატარის საჩუქრის მოდერნიზება 400 მილიონი დოლარი დაჯდებოდა. თუმცა ინჟინრებმა და საჰაერო ძალების ექსპერტებმა პროგნოზირებული ხარჯი ზედმეტად მცირედ მიიჩნიეს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მდიდრული Boeing 747-8-ის გადაცემის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. როგორც მაშინ ითქვა, თვითმფრინავი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული იქნება როგორც Air Force One-ი, შემდეგ კი ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას გადაეცემა.
მდიდრულ საჩუქარს შეშფოთება მოჰყვა, რადგან ბევრის აზრით, კატარს მისი ტრამპის ადმინისტრაციისგან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გამოყენება სურდა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს „უფასო საჩუქარი“ იყო და კატარი სანაცვლოდ არაფერს ელოდა. ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ „სულელი“ იქნებოდა, თუ ამ თვითმფრინავს არ მიიღებდა.