Statcounter-მა, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტების სია შემოგვთავაზა. მონაცემები პლატფორმებზე ვიზიტების რაოდენობას ასახავს და ბაზარზე AI-ჩატბოტების წილს წარმოაჩენს.
ამჟამად მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტი OpenAI-ის მიერ შექმნილი ChatGPT-ია, რომელიც ბაზარზე შთამბეჭდავი, 82.69%-იანი წილით ლიდერობს. მეორე ადგილზე Perplexity-ია 8.06%-ით, თუმცა ბაზარზე მისი წილი 2025 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური 14.1%-დან, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
რაც შეეხება სხვა კონკურენტებს, მათ შორის Microsoft Copilot-ის წილი ბაზარზე 4.56%-ს შეადგენს, Google Gemini-ის – 2.2%-ს, Deepseek-ის – 1.59%-ს და Claude-ის – 0.91%-ს. როგორც ხედავთ, ChatGPT-ისა და ამ პლატფორმებს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ივლისში ChatGPT.com-ზე ტრაფიკი 6.03%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად პროფესიული გამოყენების სტაბილური ზრდის დამსახურებით მოხდა. ცნობისთვის, ChatGPT.com-ს დღეში საშუალოდ 187.91 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინური Deepseek-ის პოპულაურობა. გასულ თვეში DeepSeek.com-ზე ვიზიტების რაოდენობამ 9.17%-ით იკლო. ჩინეთის წამყვანი გენერაციული AI-პლატფორმის ვარდნას ფუნქციების განახლების შეზღუდვას, ამერიკელი კონკურენტების გაძლიერებასა და უცხოურ ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებულ შეფერხებებს მიაწერენ.
ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების წილი ბაზარზე, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით:
პოზიცია | AI-ჩატბოტი | წილი ბაზარზე (ვებსაიტზე ვიზიტები) |
---|---|---|
1 | ChatGPT | 82.69% |
2 | Perplexity | 8.06% |
3 | Microsoft Copilot | 4.56% |
4 | Google Gemini | 2.20% |
5 | DeepSeek | 1.59% |
6 | Claude | 0.91% |