მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტამ, Bitcoin-მა, კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინით, მისმა ღირებულებამ $124,210-ს მიაღწია. წინა რეკორდი კრიპტოვალუტამ ივლისში მოხსნა, როდესაც მისი ღირებულება $122,780-მდე გაიზარდა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ღირებულებაც. კრიპტოაქტივი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და მისი ფასი $4,784-ს შეადგენს.
IG-ის ბაზრების ანალიტიკოსის, ტონი სიკამორის განმარტებით, Bitcoin-ის ბოლოდროინდელი ზრდა ძირითადად აშშ-ის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინითაა გამოწვეული. გარდა ამისა, მის ზრდას წლის დასაწყისიდან დღემდე აქტივისადმი ინსტიტუციური ნდობის მატება და ტრამპის კრიპტოაქტივების მიმართ შერბილებული პოლიტიკა განაპირობებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს Bitcoin-ის ღირებულება უკვე 32%-ითაა გაზრდილი. Coinmarketcap-ის მონაცემებით, საერთო ჯამში კრიპტოაქტივების საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $4.18 ტრილიონს შეადგენს. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერში, დონალდ ტრამპის არჩევამდე $2.5 ტრილიონს შეადგენდა. ტრამპის არჩევის შემდეგ მის მიერ შემოღებულმა რეგულაციების ცვლილებებმა კრიპტოინდუსტრიის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაზარდა. მისივე ინიციატივით, აშშ-ში Bitcoin-ის სტრატეგიული რეზერვიც კი შეიქმნა. რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრიპტოაქტივები საპენსიო დანაზოგების პორტფელში შევიდეს.
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $2.42 ტრილიონია, რაც კრიპტოაქტივების 57%-ია. საერთო ჯამში მიმოქცევაში 19.9 მილიონი ერთეული Bitcoin-ია.