რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში Telegram-ისა და Whatsapp-ის გარკვეული ზარები აიკრძალა. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ ტერორიზმისა და თაღლითობის საქმეების გამოსაძიებლად უცხოური პლატფორმები სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაციას არ უზიარებენ.
მოსკოვი ამ და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებთან დიდი ხანია, დავაშია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთმა ქვეყნის ინტერნეტსივრცის თითქმის სრულად გაკონტროლება დაიწყო. ამ მიზნისათვის ქვეყანაში აკრძალულია VPN-ის გამოყენებაც.
რუსეთის მთავრობის ახალი სტრატეგიის თანახმად, ქვეყანა Whatsapp-სა და Telegram-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ადგილობრივი, სუვერენული ინტერნეტსერვისების გააქტიურებას გეგმავს. პუტინის განკარგულებით, რუსი მეცნიერები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო საკომუნიკაციო აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ, რომელშიც სამთავრობო სერვისებიც იქნება ინტეგრირებული. ამ გადაწყვეტილებით, პუტინს ე.წ. ციფრული სუვერენიტეტის მიღწევა სურს.
რუსული საკომუნიკაციო მარეგულირებლის, Ruskomnadzor-ის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ უცხოურ მესენჯერებზე ზარების განხორციელება ნაწილობრივ აიკრძალა, რათა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა გამარტივდეს. მარეგულირებლის განმარტებით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროს განცხადებით, Telegram-მა და Whatsapp-მა უგულებელყვეს სახელმწიფოს მიერ მრავალგზის გაჟღერებული მოწოდება, საკუთარ პლატფორმებზე აეკრძალათ კრიმინალების წვდომა და მიეღოთ კონკრეტული ზომები პლატფორმების ტერორიზმისა და თაღლითობის მიზნით გამოყენების პრევენციისათვის.
სამინისტროს განმარტებით, ზარებზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც კომპანიები რუსულ კანონმდებლობასთან თანხვდენილად იმუშავებენ. რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, ანტონ გორელკინის განცხადებით, ამისთვის საჭიროა, კომპანიებმა რუსეთში წარმომადგენლობები დაარეგისტრირონ და Ruskomnadzor-თან და სამართალდამცავ უწყებებთან ითანამშრომლონ.
შეგახსენებთ, Whatsapp-ის მფლობელი კომპანია Meta 2022 წელს რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. თავად Whatsapp-ი კი სხვადასხვა მიზეზით მოსკოვმა რამდენჯერმე დააჯარიმა.