ავტომწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 92 მილიონი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება იწარმოვა. მწარმოებელი სახელმწიფოების რიგებს თითქმის უცვლელად ჩინეთი, იაპონია და შეერთებული შტატები ლიდერობენ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური წარმოების 54% სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდის, რეიტინგში საკუთარ პოზიციებს განვითარებადი ბაზრებიც იმყარებენ. მაგალითად, ინდოეთში, მექსიკასა თუ ბრაზილიაში ავტოწარმოება ყოველწლიურად იზრდება.
2024 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთმა აწარმოვა. აქ წარმოებული 31 მილიონი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აშშ-სა და იაპონიაში ჯამურად წარმოებულ ავტომობილებსაც აღემატება. ჩინეთის უკონკურენტო მაჩვენებელი დიდი შიდა მოთხოვნით, ელექტრომობილების ტექნოლოგიის განვითარების ტემპის ზრდითა და საექსპორტო ბაზრების ათვისებით აიხსნება. წლიური წარმოება ჩინეთში 4%-ით გაიზარდა.
რეიტინგის მეორე ადგილს, 10.5 მილიონი ერთეული ავტომობილით, შეერთებული შტატები იკავებს, სადაც წლიურად წარმოება 12%-ით შემცირდა. მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კი იაპონიაა. ამომავალი მზის ქვეყანამ შარშან 8 მილიონი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აწარმოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9%-ით ჩამორჩება. ხუთეულში ასევე შედის ინდოეთი (6 მილიონი) და მექსიკა (4 მილიონი).
რაც შეეხება ქვეყნების მაჩვენებლებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, ჩინეთში წარმოებული 31 მილიონიდან, 27.5 მილიონი სამგზავრო ავტომობილია, 3.8 მილიონი კი – კომერციული ტრანსპორტი. შედარებისთვის, აშშ-ში ეს განაწილება პირიქითაა: 2024 წელს შტატებში 9.1 მილიონი კომერციული და 1.4 მილიონი სამგზავრო ავტოტრანსპორტი იწარმოვა.
2024 წელს ავტოწარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთშიც, სადაც თითქმის არც ერთი დასავლური ბრენდის ქარხანა აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, არსებული სივრცე ადგილობრივმა და ჩინურმა მწარმოებლებმა შეავსეს. 2024 წელს რუსეთში წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება აწარმოეს, მათი საერთო რიცხვი კი 982 ათასია. რუსული ბაზრის 30.7% ადგილობრივ ბრენდს, Lada-ს უკავია.
გლობალური ავტოწარმოება ქვეყნების მიხედვით (2024 წელი):
რეიტინგი | ქვეყანა | ჯამი | წლიური ცვლილება |
1 | ჩინეთი | 31,281,592 | 4% |
2 | აშშ | 10,562,188 | -12% |
3 | იაპონია | 8,234,681 | -9% |
4 | ინდოეთი | 6,014,691 | 3% |
5 | მექსიკა | 4,202,642 | 4% |
6 | სამხრეთი კორეა | 4,127,252 | -3% |
7 | გერმანია | 4,069,222 | -1% |
8 | ბრაზილია | 2,549,595 | 10% |
9 | ესპანეთი | 2,376,504 | -3% |
10 | ტაილანდი | 1,468,997 | -20% |
11 | ჩეხეთის რესპუბლიკა | 1,458,892 | 4% |
12 | თურქეთი | 1,365,296 | -7% |
13 | კანადა | 1,342,647 | -14% |
14 | ინდონეზია | 1,196,664 | -14% |
15 | სლოვაკეთი | 993,000 | -8% |
16 | რუსეთი | 982,665 | 35% |
17 | საფრანგეთი | 910,243 | -10% |
18 | გაერთიანებული სამეფო | 905,233 | -1% |
19 | მალაიზია | 790,347 | 2% |
20 | სამხრეთი აფრიკა | 599,755 | -5% |
21 | იტალია | 591,067 | -32% |
22 | რუმინეთი | 560,102 | 9% |
23 | მაროკო | 559,645 | 5% |
24 | პოლონეთი | 555,346 | -9% |
25 | არგენტინა | 506,571 | -17% |
26 | უნგრეთი | 437,045 | -14% |
27 | უზბეკეთი | 429,364 | 1% |
28 | პორტუგალია | 332,546 | 5% |
29 | ტაივანი | 275,156 | -4% |
30 | ბელგია | 240,366 | -28% |
31 | ყაზახეთი | 144,624 | -2% |
32 | ავსტრია | 71,785 | -37% |
33 | სლოვენია | 60,903 | 0% |
34 | ფინეთი | 22,384 | -26% |
სხვა დანარჩენი | 2,285,328 | ||
ჯამში | 92,504,338 | -1% |