მოცემული დროისთვის მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. 2024 წელს მისი დღიური მოპოვება თითქმის 23 მილიონ ბარელს აღწევდა, რაც გლობალური წარმოების დაახლოებით 22%-ს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნავთობის ინდუსტრიის ყველაზე დიდი მოთამაშე ამერიკული კომპანია არ არის. ლიდერის პოზიცია Saudi Aramco-ს ეკუთვნის, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტს.
Saudi Aramco სექტორში ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციითაც გამოირჩევა – 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტი. ამ შეფასებით ის მნიშვნელოვნად უსწრებს უახლოეს კონკურენტს, ამერიკულ გიგანტ ExxonMobil-ს, რომლის ღირებულება 457 მილიარდ დოლარს შეადგენს. Aramco საუდის არაბეთის ნავთობის რესურსების დიდ ნაწილს აკონტროლებს და მართავს გავარს, პლანეტის უდიდეს ნავთობსაბადოს.
CompaniesMarketCap-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ათი უდიდესი ნავთობკომპანიიდან სამი აშშ-ში მდებარეობს (ExxonMobil, Chevron და ConocoPhillips). რეიტინგში ასევე შედის სამი ჩინური ფირმა (PetroChina, CNOOC და Sinopec) და ორი ბრიტანული კომპანია (Shell და BP).
ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ტოპ-10 კომპანია, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით:
კომპანია | ქვეყანა | *საბაზრო კაპიტალიზაცია (მლრდ, $) |
---|---|---|
Saudi Aramco | საუდის არაბეთი | 1,565 |
ExxonMobil | აშშ | 457 |
Chevron | აშშ | 311 |
PetroChina | ჩინეთი | 218 |
Shell | დიდი ბრიტანეთი | 211 |
TotalEnergies | საფრანგეთი | 132 |
ConocoPhillips | აშშ | 118 |
CNOOC | ჩინეთი | 117 |
Sinopec | ჩინეთი | 90 |
BP | დიდი ბრიტანეთი | 87 |
*2025 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით.