Visual Capitalist-ი დაინტერესდა, თუ რამდენს შოულობენ ამერიკელები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემები შეისწავლა. მონაცემების შედარების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ აშშ-ში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მედიანური წლიური შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მედიანური წლიური ანაზღაურება აშშ-ში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (2025 წლის II კვარტალი):
ასაკი | მედიანური წლიური ანაზღაურება |
---|---|
16-19 წელი | $33,280 |
20-24 წელი | $40,664 |
25-34 წელი | $59,228 |
35-44 წელი | $70,252 |
45-54 წელი | $70,824 |
55-64 წელი | $67,392 |
65 და მეტი | $62,296 |
ყველა ზრდასრული (16+) | $62,192 |
როგორც ხედავთ, აშშ-ში დასაქმებული ყველაზე ახალგაზრდა პირები (16-დან 19 წლამდე) ყველაზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მათი მედიანური წლიური შემოსავალი 33,280 აშშ დოლარს შეადგენს. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის ზოგადი მედიანური მაჩვენებელი, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის გამოცდილების სიმწირითა და დაბალანაზღაურებადი, საწყისი პოზიციებით აიხსნება.
20-24 წლის ასაკში, განათლებისა და გამოცდილების მატებასთან ერთად, შემოსავალი $40,664-მდე იზრდება.
შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო 25-34 წლის ასაკშია და წელიწადში $59,228-ს უტოლდება. 35-44 წლის ასაკში მედიანური შემოსავალი $70,252-ს აღწევს, ხოლო 45-54 წლის ჯგუფში — $70,824-ს, რაც პიკს წარმოადგენს.
ეს არის კარიერულ სტაბილურობის პერიოდი, როდესაც ლიდერის პოზიციებზე დასაქმების შანსი იზრდება და დასაქმებულს უკვე დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ეს, თავის მხრივ, უფრო მაღალ ანაზღაურებას განაპირობებს.
55-64 წლის ასაკში მედიანური ანაზღაურება მცირედით მცირდება და $67,392-ს შეადგენს. 65 წელს გადაცილებული დასაქმებულები კი $62,296-ს იღებენ — თითქმის იმდენივეს, როგორიც ეროვნული მედიანური მაჩვენებელია ($62,192).
საინტერესოა, რომ უფროსი ასაკის დასაქმებულები (65+) დაახლოებით $3,000-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე 25-34 წლის ჯგუფი. ეს ხდება იმ პროფესიონალების ხარჯზე, რომლებიც კარიერის გვიან ეტაპზეც მაღალ ანაზღაურებას ინარჩუნებენ.