Oracle-ის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ლარი ელისონის, ქონება ოთხშაბათს 110 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. შედეგად, მან Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან, ილონ მასკთან, ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა. ელისონის ქონების მკვეთრი ზრდა ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გიგანტის აქციების გაძვირებას უკავშირდება.
გუშინ Oracle-ის აქციების ღირებულება 41%-ით გაიზარდა და დაახლოებით 341 აშშ დოლარს მიაღწია, რითაც ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 1992 წლის დეკემბრის 43%-იანი ზრდის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასმა დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა. მაშინ Oracle-ის აქციები 0.60 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა.
ამ ზრდამ Oracle-ის საბაზრო კაპიტალიზაცია სამშაბათის 678.4 მილიარდი აშშ დოლარიდან, ოთხშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 957 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.
აქციების ფასის მკვეთრ გაძვირებას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორთან აკავშირებენ. მათ შორის Oracle-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავლების შეფასებებზე. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კატცმა განაცხადა, რომ წელს შემოსავლები 18 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. კომპანიის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 2027 წელს თითქმის გაორმაგდება და 32 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, $73 მილიარდამდე, $114 მილიარდამდე და $144 მილიარდამდე მოიმატებს.
Oracle-მა ასევე განაცხადა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული შემოსავალი, რომელიც ჯერ არ არის დაფიქსირებული, 359%-ით, 455 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ერთ კვარტალში სამ სხვადასხვა მომხმარებელთან ოთხი მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა.
Forbes-ის უახლესი მონაცემებით, ლარი ელისონი $387.6 მილიარდის ქონებას ფლობს, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მაკის სიმდიდრე კი $436.1 მილიარდად არის შეფასებული. როგორც ხედავთ, დღევანდელი მდგომარეობით მილიარდერების ქონებას შორის განსხვავება კვლავ გაზრდილია.