Wizz Air-ი ვენის აეროპორტიდან ფრენებს შეწყვეტს

Wizz Air-ი ვენის აეროპორტიდან ფრენებს შეწყვეტს

უნგრული Wizz Air-ის განცხადებით, 2026 წლის მარტისთვის ავიაკომპანია ვენის აეროპორტიდან ფრენებს სრულად შეწყვეტს. შესაბამისად, გაუქმდება ვენა-ქუთაისის მიმართულების რეისებიც.

როგორც ცნობილია, ფრენების ნაწილი 2025 წლის ოქტომბერში გაუქმდება, დანარჩენი რეისები კი – 2026 წლის მარტამდე.

Wizz Air-ის მმართველი დირექტორის, მაურო პენედას განმარტებით, ვენის აეროპორტში გადასახადები და სხვადასხვა მომსახურების ფასები ბაზის გახსნის პერიოდიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ავიაკომპანიისთვის იქ ოპერაციების გაგრძელება აღარ არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ივლისში Wizz Air-მა განაცხადა, რომ ექვსი წლის წინ გახსნილ აბუ-დაბის ზარალიან ბაზას დახურავდა და ყურადღებას აღმოსავლეთ ევროპაზე გადაიტანდა, რომელიც ცენტრალურ ევროპასთან ერთად მისი ბიზნესის დაახლოებით ორ მესამედს მოიცავს.

ავიაკომპანიამ ასევე ივლისში განაცხადა, რომ სექტემბრისთვის ისრაელში სრული დატვირთვით დაბრუნდება.