Companies Market Cap-ის მიხედვით, 2025 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია საერთო ჯამში დაახლოებით $24.4 ტრილიონს შეადგენს. სიაში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ლიდერობენ, რომლებიც ინოვაციებითა და ბაზრის მასშტაბური წილით დომინირებას დიდი ხანია, რაც ინარჩუნებენ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩიპების მწარმოებელ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს, Nvidia-ს ეკუთვნის. კომპანია რეიტინგში $4.313-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით ლიდერობს. Nvidia ჯენსენ ჰუანგმა, კურტის პრიმმა და კრის მალაჩოვსკიმ 1993 წელს, კალიფორნიაში დააფუძნეს.
1995 წლის მაისში Nvidia-მ გამოუშვა NV1 (STG-2000), ერთ-ერთი პირველი 3D ამაჩქარებელი პროცესორი (GPU). 1999 წლის იანვარში კი კომპანია NASDAQ-ს შეუერთდა.
Nvidia-ს სიაში Microsoft-ი და Apple-ი მოჰყვება, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია, შესაბამისად, $3.724 ტრილიონსა და $3.413 ტრილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს ბოლო პერიოდში, ძირითადად, სწორედ ეს კომპანიები ფლობენ ხოლმე.
ტოპ-10-ში ამერიკის შეერთებული შტატები რვა კომპანიით არის წარმოდგენილი, თითო-თითო წარმომადგენელი კი საუდის არაბეთსა და ტაივანს ჰყავს. ენერგეტიკის სფეროს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Saudi Aramco, რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.491 ტრილიონს შეადგენს. ჩიპების მწარმოებელი ტაივანური TSMC კი ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.342 ტრილიონს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ათეულში შემავალი კომპანიებიდან $1-ტრილიონიან ნიშნულს ყველა მათგანის საბაზრო კაპიტალიზაცია აღემატება. ამასთან, მოცემულ ზღვარს ათეულს მიღმა დარჩენილი Berkshire Hathaway-იც კვეთს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.071 ტრილიონია.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია (2025 წლის 12 სექტემბერი):
ადგილი | კომპანია | საბაზრო კაპიტალიზაცია | აქციის ფასი (USD) | დღიური ცვლილება | ქვეყანა |
---|---|---|---|---|---|
1 | NVIDIA | $4.313 ტრილიონი | $177.17 | +0.08% | აშშ |
2 | Microsoft | $3.724 ტრილიონი | $501.01 | +0.13% | აშშ |
3 | Apple | $3.413 ტრილიონი | $230.03 | +1.43% | აშშ |
4 | Alphabet (Google) | $2.909 ტრილიონი | $240.78 | +0.51% | აშშ |
5 | Amazon | $2.452 ტრილიონი | $229.95 | +0.16% | აშშ |
6 | Meta Platforms (Facebook) | $1.886 ტრილიონი | $750.90 | +0.14% | აშშ |
7 | Broadcom | $1.698 ტრილიონი | $359.63 | +2.69% | აშშ |
8 | Saudi Aramco | $1.491 ტრილიონი | $6.17 | +0.17% | საუდის არაბეთი |
9 | TSMC | $1.342 ტრილიონი | $258.91 | +0.59% | ტაივანი |
10 | Tesla | $1.189 ტრილიონი | $368.81 | +6.04% | აშშ |