დიდი ბრიტანეთი და აშშ $42-მილიარდიან ტექნოლოგიურ პაქტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთი და აშშ $42-მილიარდიან ტექნოლოგიურ პაქტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორებში ურთიერთობების გასაღრმავებლად, ტექნოლოგიურ პაქტზე შეთანხმდნენ. პაქტის მიხედვით, ამერიკული კომპანიები დიდ ბრიტანეთში $42 მილიარდის მოცულობის ინვესტიციებს განახორციელებენ.

„ტექნოლოგიური კეთილდღეობის შეთანხმება“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტის შემადგენელი ნაწილია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, პაქტი ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის მოდელების, კვანტური გამოთვლების შესაძლებლობების გაფართოებისა და სამოქალაქო ბირთვული ენერგიის პროექტების განხორციელების ერთობლივ ძალისხმევას ითვალისწინებს. „ტექნოლოგიური კეთილდღეობის შეთანხმების“ მიზანი ორივე სახელმწიფოში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განვითარება და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბოლო წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპის აჩქარებაა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი შეერთებული შტატებისა და სხვა საინვესტიციო პარტნიორებისათვის ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციის განსახორციელებლად საუკეთესო გარემოდ პოზიციონირებს. ამას განაპირობებს რეგულაციების უფრო მსუბუქი რეჟიმი, შედარებით ევროკავშირთან, სადაც მეტად ინტერვენციონისტულ მიდგომას იყენებენ.

ტექნოლოგიური პაქტის ფარგლებში რამდენიმე უმსხვილესი ამერიკული კომპანია, მათ შორის Nvidia და Microsoft-ი ბრიტანეთში მსხვილ ინვესტიციებს განახორციელებენ. Nvidia დიდ ბრიტანეთში 120,000 ერთეული გრაფიკული პროცესორის განლაგებას გეგმავს, რაც ევროპაში კომპანიის ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია იქნება. Microsoft-ი კი $30 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, რათა დიდ ბრიტანეთში საკუთარი cloud- და AI-ინფრასტრუქტურა გააფართოოს და ბრიტანეთის უდიდესი AI-სუპერკომპიუტერი შექმნას.

Nvidia-სა და Microsoft-ის გარდა, დიდ ბრიტანეთში ინვესტიციას Google-ი, CoreWeave-ი, Salesforce-ი, Scale AI-ი, BlackRock-ი, Oracle-ი და Amazon Web Services-ი განახორციელებენ.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.