საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში, უპრეცედენტო ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოავლინა. საუბარია 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ფულის გათეთრების ფაქტზე. ამის შესახებ გუშინ, ოფიციალურ უწყებაში, პროკურორმა ბექა კვიციანმა ბრიფინგი გამართა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კვიციანის განცხადებით, პროკურატურა, ბრალდებულის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს სამართლებრივად დადგენილ ვადებში მიმართავს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა პირმა „მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი“.
დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან სისტემატურად უზრუნველყოფდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას. თანხის უკანონოდ ტრანსპორტირებას კი ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით ახდენდნენ.
„ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები.
ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებისთვის გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წარმოდგენილი სქემით, ბრალდებულმა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 2022-2024 წლებში დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ კანონიერ ფარგლებში ჩამორთმევისთვის, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს მიმართავს.
როგორც უკვე ითქვა, დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც პროკურატურა აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე საუბარია უპრეცედენტო რაოდენობის თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ფულის გათეთრებაზე. ცნობისთვის, წარსულში პროკურატურის მიერ ანალოგიურ ფაქტებზე ჩატარებული გამოძიებით, სულ დაკავებულია შვიდი პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით 13 მლნ ლარამდე ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ.
პროკურატურა 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ფულის გათეთრების ფაქტზე, ამ ეტაპისთვის, დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს. უცნობია დაკავებული პირის ვინაობა, მათ შორის არც ინიციალები და წარმომავლობა.
საქმეზე დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს თბილისის მერ კახა კალაძესაც. „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ოდენობის თანხაზეა საუბარი, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა მან.
პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებასა და უპრეცედენტო თანხის გათეთრების დანაშაულებრივ სქემას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ოპოზიციური პარტიებიდანაც. ოპოზიცია დანაშაულში „ქართული ოცნების“ ბრალეულობაზე მიუთითებს და პასუხისმგებლობას სრულად მმართველ გუნდს აკისრებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძის განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ამ რაოდენობის თანხა გაათეთრეს ისე, რომ ამის შესახებ „არ იცოდა არც ბიძინა ივანიშვილმა, არც შსს-მ, არს სუსმა, არც ფინანსთა სამინისტრომ“. ხოლო პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ეს არის „2 მლრდ ლარის და მეტის ბაზარზე შავად მიმოქცევა “, რაზეც სრულად სისტემას და მათ შორის ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, ნათია თურნავას პასუხი უნდა მოეთხოვოს.
ფულის გათეთრების საქმეზე ტელეკომპანია TV პირველთან ისაუბრა ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა. მისი განცხადებით, „დაახლოებით მთლიანი დეპოზიტების მთლიანად საბანკო სფეროში იმ პერიოდში 4% იქნა გათეთრებული, როგორც პროკურატურა ამტკიცებს, რაც არის გამაოგნებელი. დაახლოებით 2 მლრდ ლარზეა საუბარი“. შესაბამისად, მსგავსი რეგულირების პირობებში, თითქმის შეუძლებელია „2-მლრდ-იანი თაღლითური სქემა გამოეპაროს რეგულატორს, გამოეპაროს თვითონ საბანკო სფეროს, გამოეპაროს სხვადასხვა ზედამხედველს, სამართალდამცავს და მოქმედებდეს წლების განმავლობაში, ეს არის ძალიან უცნაური და, რა თქმა უნდა ეჭვებს აჩენს“.
ცნობისთვის, 2022-2024 წლებში, მაშინ როდესაც დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, საქართველოში პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური იკავებდა. რაც შეეხება ნათია თურნავას, ის 2019-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2023-2025 წლებში ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის პოზიციას ის 2025 წლის თებერვლიდან იკავებს.
ფულის გათეთრების საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით“, – ვკითხულობთ სებ-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.