რუსეთი საწვავის კრიზისს ბენზინის ინდოეთიდან იმპორტით ებრძვის

რუსეთი საწვავის კრიზისს ბენზინის ინდოეთიდან იმპორტით ებრძვის

ფოტო: Reuters

 

უკრაინის მიერ რუსეთის მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, მოსკოვი იძულებულია, საწვავის იმპორტირება ინდოეთიდან დაიწყოს. კერძოდ, უკრაინული თავდასხმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამმუშავებელი სიმძლავრე დაახლოებით 40%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შექმნა.

ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ტანკერი, რომელსაც 42,000 ტონა ბენზინი გადააქვს, „ვადინარის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან რუსეთის ჩრდილოეთში მდებარე ნავთობტერმინალისკენ უკვე გაიგზავნა. მოსკოვი ტვირთს, სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს საწვავის კრიზისის დაწყების შემდეგ რუსეთში იმპორტირებული ბენზინის ყველაზე დიდი ერთჯერადი პარტია იქნება.

უკრაინული დრონებით თავდასხმების გახშირების შემდეგ, ივლისში რუსეთის არაერთ რეგიონში ერთი ადამიანისთვის მისაყიდი ბენზინის რაოდენობაზე შეზღუდვა დაწესდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქების ნაწილში მძღოლებს საწვავის შესაძენად საათობით, ზოგჯერ კი დღეების განმავლობაშიც უწევდათ ლოდინი. FT-ის შეფასებით, კრიზისი დაახლოებით 50 მილიონ რუსს შეეხო.

Kpler-ის მონაცემებით, „ვადინარის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან საწვავის პირველი პარტია 18 ივნისს Agni-ს სახელწოდების გემზე ჩაიტვირთა.

ცნობისთვის, „ვადინარის“ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ინდური Nayara Energy-ის საკუთრებაა, რომლის 49%-ს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ი ფლობს. Kpler-ის მონაცემებით, ქარხანაში გადამუშავებული ნავთობის 90%-ზე მეტი წელს სწორედ რუსეთიდან იყო მიღებული. შედეგად, გამოდის, რომ ბენზინი, რომელსაც ახლა რუსეთი უკვე ინდოეთისგან ყიდულობს, ისევ რუსული ნავთობისგანაა წარმოებული.

თავად Nayara Energy რუსული კომპანიებისთვის საწვავის მიყიდვის ფაქტს უარყოფს და უახლოეს მომავალში ამის შესაძლებლობასაც გამორიცხავს. კომპანიის მტკიცებით, მთავარი პრიორიტეტი ინდოეთის შიდა ბაზრის დაკმაყოფილებაა.

Reuters-ის ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში ინდოეთიდან რუსეთში სულ მცირე 60,000 ტონა ბენზინი უკვე გაიგზავნა, რაც ქვეყნის დღიური მოხმარების დაახლოებით 60%-ია. თუმცა ინდოეთი რუსეთისთვის საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი არაა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბელარუსის წილიც. კერძოდ, ივნისში ქვეყანამ რუსეთს 184,000 ტონა ბენზინი მიაწოდა, რაც მაისთან შედარებით სამჯერ, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184-ჯერ მეტია.