ჩიპების მსხვილი ამერიკული მწარმოებლები, Intel-ი და Advanced Micro Devices-ი (AMD), მონაცემთა ცენტრების მმართველ ჩინურ კომპანიებთან სერვერული პროცესორების (CPU) მიწოდებაზე გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებენ. მიზეზი, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, პროცესორებზე მოთხოვნისა და ფასის მკვეთრი ზრდაა.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულებები სტანდარტულად 1-წლიან შესყიდვის ვალდებულებას ითვალისწინებდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიები კონტრაქტებს ორი ან მეტი წლითაც ახანგრძლივებენ. მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება არა მხოლოდ AI-აქსელერატორებზე, არამედ ქსელურ აღჭურვილობასა და სერვერულ პროცესორებზეც, რაც მიმწოდებლებს გრძელვადიანი შესყიდვის ხელშეკრულებების გასაფორმებლად უფრო მეტ ბერკეტს აძლევს.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს მუშაობისთვის Nvidia-ს სტილის გრაფიკული პროცესორების (GPU) გარდა, დიდი რაოდენობით CPU-ებიც სჭირდებათ, რომლებიც სერვერების, მონაცემთა საცავების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და AI-მოდელების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
Reuters-ის ცნობით, ჩინეთში სერვერული CPU-ების ფასები თვიურ ჭრილში 10%-ზე მეტით იზრდება, ხოლო მოდელების ნაწილის ღირებულება წლის დასაწყისიდან მოყოლებული 40%-ზე მეტითაცაა გაზრდილი.
როგორც Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიპ-ბუ ტანმა, ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, მოთხოვნა, განსაკუთრებით Xeon-ის ტიპის სერვერულ პროცესორებზე, მიწოდებას კვლავ მკვეთრად აღემატება. ტანის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ რამდენიმე მრავალწლიანი კონტრაქტიც გააფორმა, მათ შორის Google-თან.
თავის მხრივ, აგვისტოს დასაწყისში, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებისას, AMD-მ 2030 წლისთვის CPU-ის ბაზრის მოცულობის პროგნოზები $120 მილიარდამდე გაზარდა. კომპანიაში ძლიერი პროგნოზების მთავარ მიზეზად ე.წ. „აგენტურ AI“-ზე მზარდ მოთხოვნას ასახელებენ.













