ფოტო: David Imel / The Verge
Galaxy Unpacked-ის წლევანდელ ღონისძიებაზე Samsung-მა ახალი თაობის მოწყობილობები, მათ შორის, დასაკეცი სმარტფონები და განახლებული ჭკვიანი საათები წარადგინა. რამდენიმეკვირიანი მოლოდინის შემდეგ, სამხრეთკორეულმა კომპანიამ საბოლოოდ დაადასტურა სრულიად ახალი დიზაინის Galaxy Z Fold 8-ის გამოშვებაც, რომელიც გასულ მოდელთან შედარებით უფრო მოკლე და ფართო გახდა. მთავარ სიახლეებს შორის იყო Samsung-ის ახალი პრემიუმ-მოდელი Galaxy Z Fold 8 Ultra, განახლებული Galaxy Z Flip 8 და Galaxy Watch 9-ისა და Galaxy Watch Ultra 2-ის სერიების სმარტსაათები.
Samsung-ის შეფასებით, Galaxy Z Fold 8-ის სრულიად ახალი დიზაინი სმარტფონს ყოველდღიური გამოყენებისთვის წინამორბედთან შედარებით უფრო კომფორტულ გაჯეტად აქცევს. მოდელს 7.6-დუიმიანი შიდა და 5.5-დუიმიანი გარე ეკრანი აქვს, აღჭურვილია ახალი Flex Titanium-ის მექანიზმით, რომელიც ეკრანებს შორის გამყოფს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

უახლესი სმარტფონი Qualcomm Snapdragon 8 Elite Gen 5 for Galaxy-ს პროცესორს იყენებს, აქვს 16 GB-მდე ოპერაციული მეხსიერება (RAM) და ერთ ტერაბაიტამდე გარე მეხსიერება. გასული თაობის მოდელთან შედარებით გამარტივებულია კამერის სისტემა და მოიცავს 50-მეგაპიქსელიან ძირითად, 50-მეგაპიქსელიან ულტრაფართო და ცალკე 10-მეგაპიქსელიან წინა კამერებს. ახალი Samsung Galaxy Z Fold 8-ის ღირებულება $1,899-დან იწყება.
Galaxy Z Fold-თან ერთად, Samsung-მა უახლესი ფლაგმანი, პრემიური კლასის დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold 8 Ultra-ც წარადგინა. მოწყობილობის ძირითადი მახასიათებლებია: 5000mAh-იანი ბატარეა; 45-ვატიანი სადენიანი და 20-ვატიანი უსადენო დამუხტვის შესაძლებლობა; 200-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და 50-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო კამერა; 10-მეგაპიქსელიანი წინა კამერა. აღნიშნული სმარტფონიც Snapdragon 8 Elite Gen 5 for Galaxy-ს პროცესორის საშუალებით მუშაობს, აქვს 16 GB RAM-ი და 1 ტერაბაიტის მეხსიერება. მოდელის საწყისი ფასი $2,099-ია.

დიზაინი თითქმის უცვლელი დარჩა Galaxy Z Flip 8-ის შემთხვევაში, თუმცა გაუმჯობესდა ტექნიკური მახასიათებლები. მათ შორის, ახალ მოდელს აქვს Snapdragon 8 Elite Gen 5-ის პროცესორი, 12 GB ოპერაციული მეხსიერება, 6.9-დუიმიანი მთავარი და 4.1-დუიმიანი გარე ეკრანი და 4300mAh-იანი ბატარეა. სმარტფონი შემოთავაზებულია როგორც 256-, ასევე 512 GB-იან ვერსიებად. Galaxy Z Flip 8-ის საწყისი ფასი 1,199 აშშ დოლარია.

დამატებით, Galaxy Unpacked 2026-ზე Samsung-მა Galaxy Watch-ის განახლებული სერიები წარადგინა. Galaxy Watch 9 აღჭურვილია Snapdragon Wear Elite პროცესორით და ხელმისაწვდომია 40-მმ და 44-მმ ზომებში. ასევე, გაჯეტს დამატებული აქვს ჯანმრთელობის მონიტორინგის ოთხი ახალი ფუნქცია: Vitals-ი, Heart Health Score, Daily Cardio Load-ი და Fitness Index-ი.
კომპანიის ინფორმაციით, Galaxy Watch 9-ს მუდმივად ჩართული ეკრანის რეჟიმზე 30 საათამდე შეუძლია მუშაობა. განახლებული გაჯეტის ღირებულება $379-ია.

რაც შეეხება Samsung-ის პრემიუმ-სმარტსაათს, Galaxy Watch Ultra 2-ს, მისი ღირებულება $699-დან იწყება. ამ უკანასკნელს 800mAh-იანი ბატარეა აქვს, რაც წინა მოდელის 590mAh-იან ელემენტთან შედარებით შესამჩნევი გაუმჯობესებაა.

Samsung-ის განცხადებით, მუდმივად ჩართული ეკრანის რეჟიმით სმარტსაათი 60 საათამდე მუშაობს. მოდელი Snapdragon Wear Elite-ს პროცესორს იყენებს, აქვს 64 GB მეხსიერება და Galaxy Watch 9-ში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მონიტორინგის ოთხი ახალი ფუნქციაც ემატება.















