ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭომ (SEBI) ინდოელი მილიარდერის კონგლომერატის, Adani Group-ის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დახურა და განაცხადა, რომ Hindenburg Research-ის მიერ წარდგენილი ბრალდებები არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, 2023 წლის იანვარში Hindenburg Research-მა პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის საკუთრებაში არსებული კომპანიები თაღლითობაში დაადანაშაულა. საინვესტიციო კვლევითი ფირმის ანგარიში Adani Group-ს „ათწლეულების განმავლობაში აქციებით მანიპულირებისა და ბუღალტრულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სქემაში ჩართულობაში“ სდებდა ბრალს. Hindenburg Research-ის მტკიცებით, ინდოელი მილიარდერის კონგლომერატის ქმედებები „კორპორაციული ისტორიის ყველაზე დიდი თაღლითობაა“.
ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭომ ხუთშაბათს ორი განკარგულებით დაადგინა, რომ Adani Group-ის კომპანიებსა და Hindenburg Research-ის მიერ მინიშნებულ ფირმებს შორის განხორციელებული ტრანზაქციები არც რეგულაციებს არღვევდა და არც ბაზრის მანიპულირებას წარმოადგენდა. კერძოდ კი, საბჭოს განმარტებით, საინვესტიციო კვლევითი ფირმის ბრალდებები „დაუდასტურებელია“.
„ჩვენ ღრმად განვიცდით იმ ინვესტორების ტკივილს, რომლებმაც ამ თაღლითური და მოტივირებული ანგარიშის გამოქვეყნების გამო ფული დაკარგეს“, – დაწერა გაუტამ ადანიმ X-ზე.
ცნობისთვის, Hindenburg Research-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Adani Group-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 150 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ახლა კომპანიების უმეტესობის, მათ შორის Adani Power-ისა და Adani Enterprises-ის, აქციების ფასები თითქმის სრულად აღდგა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, გაუტამ ადანის ქონება ამჟამად $68.9 მილიარდს შეადგენს, რაც მას ინდოეთის მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი ადანი 27-ე ადგილს იკავებს. გასულ 24 საათში მისი სიმდიდრე 6.68%-ით, $4.3 მილიარდით გაიზარდა.