EU წევრ ქვეყნებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას სთავაზობს

EU წევრ ქვეყნებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას სთავაზობს

ევროკომისიამ დღეს, 19 სექტემბერს, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, სანქციების მე-19 პაკეტი წარადგინა. სანქციების ახალი პაკეტი რუსულ კრიპტოაქტივებს, ბანკებსა და ენერგეტიკის სექტორს შეეხება.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო წევრ სახელმწიფოებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვას სთავაზობს. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აკრძალვა ძალაში 2027 წლის იანვარში უნდა შევიდეს, ერთი წლით ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთის ენერგეტიკული სფეროს გიგანტების, „როსნეფტისა“ და „გაზპრომნეფტის“ ტრანზაქციების სრულ აკრძალვას, სანქციებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 118 გემზე და მესამე ქვეყნის ტრეიდერებსა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე. ეს შეეხება, მაგალითად, ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობს სანქციების დარღვევით ყიდულობენ.

ევროკავშირი სანქციებს პირველად უწესებს კრიპტო პლატფორმებს, ასევე რუსეთში და სხვა ქვეყნებში არსებულ ბანკებს, რომლებიც მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. პაკეტი ასევე მიმართულია 45 რუსული და მესამე ქვეყნის კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტისთვის გამოიყენება.

„სამწუხაროდ, ბოლო თვის განმავლობაში რუსეთმა სრულად გამოავლინა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლისადმი თავისი უპატივცემულობა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. „ჩვენი კავშირისთვის საფრთხეებიც იზრდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა Shahed-ის ტიპის დრონებმა დაარღვიეს ჩვენი გაერთიანების საჰაერო სივრცე როგორც პოლონეთში, ასევე რუმინეთში.“

ცნობისთვის, სანქციების ახალი პაკეტი ძალაში რომ შევიდეს, ის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს.