„როსკოსმოსი“: რუსეთი Starlink-ის ალტერნატივას ქმნის

„როსკოსმოსი“: რუსეთი Starlink-ის ალტერნატივას ქმნის

რუსული სახელმწიფო მედიასააგენტო RBC-ის ინფორმაციით, რუსეთი Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის ალტერნატივას ავითარებს. მისივე ცნობით, პროექტის ბიუჯეტი 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ორბიტაზე განთავსებული რამდენიმე სატესტო თანამგზავრი უკვე შემოწმდა და სერიული მოდელები შესაბამისად მოდიფიცირებულია“, – განაცხადა რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი ბაკანოვმა რუს პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში.

პროექტი, სახელწოდებით Rassvet, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის Starlink-ის ალტერნატივაა, რომლის ინტერნეტტერმინალებმა ომში უკრაინის კომუნიკაციების შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

როგორც ცნობილია, რუსულ პროექტს კერძო კოსმოსური კომპანია Bureau 1440 განახორციელებს, რომელიც 2030 წლამდე ორბიტაზე 292 ახალი სატელიტის გაშვებას გეგმავს. საერთო ჯამში 383 აპარატის გაშვებაა დაგეგმილი, მათ შორის 91 რეზერვისთვის იქნება განკუთვნილი, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს პრობლემა შეექმნება.

RBC-ის ცნობით, რუსეთის მიზანია, 2030 წლისთვის მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 97%-ს ჰქონდეს, ხოლო 2036 წლისთვის – 99%-ს. ბაკანოვმა ივნისში განაცხადა, რომ დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრული სისტემის შექმნა დეკემბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება Starlink-ს, ის უკრაინისთვის ომში კვლავ კრიტიკული მნიშვნელობისაა. როგორც Kyiv Independent-ი წერს, რუსეთის მიერ 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, კიევმა უკვე Starlink-ის 50,000-ზე მეტი ტერმინალი მიიღო, აქედან თითქმის 30,000 პოლონეთის დახმარებით.