ოქრო კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბუნებრივ რესურსად. 2025 წელს მისმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს არაერთხელ მიაღწია. აღნიშნულის მიზეზი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, ინფლაცია და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ამის ფონზე კი სახელმწიფოთა ცენტრალური ბანკების მიერ გაზრდილი შესყიდვებია.
ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) 2024 წლის მონაცემებით, ოქროს მოპოვების კუთხით აფრიკა კვლავ პირველ ადგილზეა. გასულ წელს აფრიკულმა ქვეყნებმა საერთო ჯამში 1,010 ტონა ოქრო მოიპოვეს. მათ შორის კი, 141 ტონით, განა ლიდერობს, შემდეგ მოდის მალი 100 ტონით და სამხრეთი აფრიკა 99 ტონით.
აზია, 665 ტონით, მეორე ადგილზეა. აზიურ ქვეყნებს შორის ლიდერი ჩინეთია, რომელმაც გასულ წელს 380 ტონა ოქრო მოიპოვა. ამ შედეგით ის მსოფლიოშიც პირველ ადგილს იკავებს. კვლავ აზიას რომ დავუბრუნდეთ, ჩინეთს ინდონეზია მოსდევს 140 ტონით. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი, რომელიც ოქროს საკმაოდ დიდი ბაზრის მქონე ქვეყანაა, წამყვან მომპოვებლებს შორის არ გვხვდება.
აღსანიშნავია, რომ დსთ-ის რეგიონში საერთო მაჩვენებელი 584 ტონას შეადგენს, საიდანაც 330 ტონა რუსეთზე მოდის. ის ოქროს მოპოვების კუთხით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამავე რეგიონში მეორე ადგილს უზბეკეთი იკავებს, 129 ტონით.
რაც შეეხება ამერიკას, აქ ჩრდილოეთ ამერიკაზე — 500 ტონა, ხოლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე ჯამურად 519 ტონა ოქრო მოდის. ქვეყნებს შორის კი გამოირჩევა კანადა 202 ტონით, აშშ 158 ტონით და პერუ 137 ტონით.
ოკეანიის რეგიონში ოქროს წამყვანი მომპოვებელი ავსტრალიაა, რომელმაც 2024 წელს 284 ტონა მოიპოვა და გლობალურად მესამე ადგილი დაიკავა. მას რეგიონში 50 ტონით პაპუა-ახალი გვინეა მოსდევს.
ევროპის წილი შედარებით მცირეა და სულ 36 ტონას შეადგენს.
ტოპ-10 ქვეყანა 2024 წელს მოპოვებული ოქროს მიხედვით:
ადგილი | ქვეყანა | 2024 წელს მოპოვებული ოქრო, ტონა |
---|---|---|
1 | ჩინეთი | 380 |
2 | რუსეთი | 330 |
3 | ავსტრალია | 284 |
4 | კანადა | 202 |
5 | აშშ | 158 |
6 | განა | 141 |
7 | ინდონეზია | 140 |
8 | მექსიკა | 140 |
9 | პერუ | 137 |
10 | უზბეკეთი | 129 |