ბიზნესის ანატომია, რომელიც ნამდვილად მუშაობს

ბიზნესის ანატომია, რომელიც ნამდვილად მუშაობს
რატომ იზრდება ზოგიერთი კომპანია, სხვები კი — მხოლოდ თავს ირჩენენ

ცოტა ხნის წინ ორი კომპანიის დირექტორს ვუსმენდი, რომლებიც თავიანთ წარმატებულ წელს აღწერდნენ. პირველი ოცი წუთის განმავლობაში საუბრობდა დაძლეულ კრიზისებზე, ჩაქრობილ „ხანძრებზე“ და გმირულად, სამსახურში გათენებულ ღამეებზე. მეორეს მსგავსი არაფერი უხსენებია, სანაცვლოდ, ის საუბრობდა სისტემებზე, რომლებიც პრობლემების პრევენციას უზრუნველყოფდა, პროცესებზე, რომლებიც ძალისხმევის გარეშე ხელს უწყობდა მასშტაბირებას, და გუნდზე, რომელიც მის გარეშეც შეუფერხებლად მუშაობდა.

გამოიცანით, რომელმა კომპანიამ გაზარდა შემოსავალი?

არაკომფორტული რეალობა ისაა, რომ საქმით გადატვირთულობა ბიზნესის წარმატებაში გვერევა. ჩვენ ვაფასებთ და ვახალისებთ ისეთ მენეჯერებს, რომელებიც შუაღამემდე მუშაობენ გადაუდებელი თუ მიმდინარე პრობლემების მოსაგვარებლად, და არ ვაფასებთ იმათ, ვინც ქმნის სისტემებს, რომლებიც ამ პრობლემებს თავიდან აგვაცილებდა.

ჩვენს რეგიონში ასობით კომპანიის შესწავლის შემდეგ ერთი ტენდენცია დავინახე – კომპანიების მხოლოდ 30% იზრდება. დანარჩენები უბრალოდ არსებობენ, საქმიანობენ და ბერდებიან.

ასევე აღმოვაჩინე ბიზნესის წარმატების შესახებ არსებული სტერეოტიპების საწინააღმდეგო მოცემულობა. განსხვავება მზარდ და გადარჩენისთვის მებრძოლ კომპანიებს შორის არც ადამიანური რესურსების ტალანტია, არც კაპიტალი და არც ბაზარზე დროულად შესვლა. ეს არის კომპანიების ანატომია!

წარმოიდგინეთ თქვენი ბიზნესი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ჯანსაღი არსებობისთვის მას ოთხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჰარმონიულად მომუშავე სისტემა სჭირდება:

  • ჩონჩხი: სტრატეგია, როგორც ღერძი. თქვენი სტრატეგია თაროზე შემოდებული 50- გვერდიანი დოკუმენტი არ არის. ეს არის ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს, რას არ გააკეთებთ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე წარმატებულ კომპანიებს ერთი საერთო თვისება აქვთ – ისინი სტრატეგიული უარის თქმის ოსტატები არიან. ისინი ხშირად ამბობენ უარს კარგ და მომგებიან შესაძლებლობებზე, რათა ფოკუსირდნენ საუკეთესოზე. ეს ჩონჩხი უზრუნველყოფს სიმტკიცეს, რომელიც ორგანიზაციას „საოცარი შესაძლებლობის“ სიმძიმის ქვეშ ჩამოშლისგან იცავს.
  • სისხლის მიმოქცევის სისტემა: პროცესები, როგორც საიმედოობის ძრავა. ჩვენს რეგიონში, კომპანიების უმრავლესობა სწორედ აქ უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას. კომპანიები გმირულ პიროვნებებს და გუნდებს ეყრდნობიან, მოსაწყენი და პროგნოზირებადი სისტემების სანაცვლოდ. სისხლის მიმოქცევის სისტემას სტრატეგია და კულტურა ორგანიზაციის ყველა ნაწილამდე მიაქვს და უზრუნველყოფს სტაბილურ შედეგებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის კონკრეტულ დღეს პასუხისმგებელი. კომპანიებს შეუძლიათ მასშტაბირება ადვილად, თუ აქვთ ძლიერი, სტანდარტიზებული და განვითარებული პროცესები. ვისაც ასეთი პროცესები არ აქვს, მასშტაბირებას და ადვილად ზრდას ვერ შეძლებს, რადგან დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანურ ფაქტორზე.
  • ტვინი: მონაცემები, როგორც სანავიგაციო სისტემა. დღევანდელ დღეს ვარაუდებზე დაფუძნებული მოქმედება ძვირი ჯდება. ინსტინქტების სანაცვლოდ, თქვენი ბიზნესის ტვინი არის მისი უნარი, მონაცემებზე დაყრდნობით ისწავლოს, მოერგოს და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. კომპანიები, რომლებიც მონაცემებს სანავიგაციო სისტემად აღიქვამენ, ცვლილებებს მანამდე ახორციელებენ, სანამ მათ ბაზარი და გარემო ამას ძალიათ გააკეთებინებს. ვინც ასე არ იქცევა, ხშირად სირთულეების წინ და ზოგჯერ გაკოტრების რისკის წინაშეც კი აღმოჩნდება ხოლმე.
  • გული: კულტურა, როგორც ენერგიის წყარო. ძლიერი გულის გარეშე, რომელიც მთელ ორგანიზაციას ენერგიით ამარაგებს, ყველაზე მყარი ჩონჩხიც კი უსიცოცხლოა. აქ საუბარი არ არის პინგ-პონგის მაგიდებზე, სამოტივაციო პოსტერებზე, გუნდურობის გაძლიერების (ტიმ-ბილდინგის) ღონისძიებებზე. ეს არის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც გუნდის ყველა წევრმა იცის არა მხოლოდ რა უნდა გააკეთოს, არამედ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. როდესაც კულტურა ძლიერია, შედეგი გარდაუვალია.

შესაბამისად აი, ერთი საკითხი, რომელიც ბევრ მმართველს ან ლიდერს დისკომფორტს შეუქმნის – ზოგიერთი თქვენთაგანი ქაოსზეა დამოკიდებული. კრიზისი გიქმნით შეგრძნებას, რომ მნიშვნელოვანი ხართ. ფრაზა „სტრატეგიისთვის დრო არ მაქვს“ – შთამბეჭდავად ჟღერს ნეთვორქინგის შეხვედრებზე და სადილებზე. შესაბამისად, გადაუდებელი და მიმდინარე საკითხების თუ პრობლემების მოგვარება ქმნის პროგრესის განცდას, ხოლო „ომში გამარჯვების“ ისტორიები კი საინტერესო მოსაუბრედ გაქცევთ.

მაგრამ რა ხდება, როცა ყველაფერი უბრალოდ… მუშაობს? მე მინახავს, როგორ ანგრევს ეს ფსიქოლოგიური მახე ძალიან პერსპექტიულ კომპანიებს. მართველები და ლიდერები იმდენად ჩართულები არიან „ხანძრების ჩაქრობაში“ და ეჩვევიან ამ მდგომარეობას, რომ ქვეცნობიერად ხშირად თვითონვე აჩენენ ახალ ხანძრებს, რომ ბრძოლა გააგრძელონ. მათ მოძრაობა პროგრესში ერევათ, გადაუდებელი საქმე — მნიშვნელოვანში, დაღლილობა კი — მიღწევაში.

ამასობაში, სისტემებზე ორიენტირებული კონკურენტები პროგნოზირებადი ზრდის ძრავებს აწყობენ, რომელთა მუშაობასაც გმირული ძალისხმევა არ სჭირდება. სისტემების აგება ელეგანტური და ფეშენებელური საქმე არ არის. პროცესების დოკუმენტირება და დანერგვა არ არის ამაღელვებელი. შესაძლებლობებზე უარის თქმას ბიზნეს ჟურნალებში არავინ აღნიშნავს.

მაგრამ იცით, რა არის ელეგანტური? მდგრადი ზრდა. იცით, რა არის ამაღელვებელი? პროგნოზირებადი შედეგები. იცით, რა იმსახურებს აღნიშვნას და თაყვანისცემას? ისეთი რამის შექმნა, რაც თქვენს გარეშეც მუშაობს.

ამდენად, საკითხავი ის კი არ არის, გჭირდებათ თუ არა უკეთესი სისტემები, არამედ ააშენებთ თუ არა მათ, სანამ თქვენი კონკურენტები დაგასწრებენ.

გინდათ გაიგოთ, რომელ კატეგორიაში ხართ? ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • შეუძლია თქვენს ბიზნესს ორი კვირის განმავლობაში თქვენი მუდმივი ჩარევის გარეშე ფუნქციონირება? თუ პასუხი „არაა“, თქვენ საკუთარი თავისთვის სამსახური შეგიქმნიათ და არა ბიზნესი.
  • დღევანდელი პრობლემებიდან რამდენი არსებობდა ექვსი თვის წინ? თუ ორ-სამზე მეტი, თქვენ სიმპტომებს ებრძვით და არა ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს.
  • ბოლოს როდის თქვით უარი მომგებიან შესაძლებლობაზე იმიტომ, რომ ის თქვენს სტრატეგიას არ შეესაბამებოდა? თუ ვერ იხსენებთ, თქვენ სტრატეგია არ გაქვთ, ეს მხოლოდ სურვილები, სადღეგრძელოები და ოცნებებია.

ამასობაში, თავიანთი მოსაწყენი სისტემებითა და დიდი კაპიტალით აღჭურვილი საერთაშორისო კომპანიები სწავლობენ ჩვენს ბაზრებს. ეს კომპანიები ზეგანაკვეთურ შრომას წახალისებას არ აკეთებენ, მათ გმირები არ სჭირდებათ, ისინი უბრალოდ ასრულებენ თავის საქმიანობას სისტემატურად, მონოტონურად და დაუნდობლად.

სანამ ჩვენ ყოველდღიური „ხანძრების“ ჩაქრობით ვიფიტებით, ისინი ცეცხლგამძლე საძირკველს აშენებენ. აქედან გამომდინარე, სხვაობა სისტემურ და ქაოსურ კომპანიებს შორის არ მცირდება, პირიქით იზრდება. საშუალო ვადიან პერიოდში სისტემური უმცირესობა დაეპატრონება მთელ სექტორებს, ხოლო გმირული უმრავლესობა უფრო ნაკლები რესურსებითა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში კვლავ იმავე პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული.

შესაბამისად, ყველაზე რადიკალური, რაც მმართველს ან ლიდერს შეუძლია გააკეთოს, არ არის მეტი მუშაობა, სწრაფი მანევრირება და ცვლილების განხორციელება, ან გუნდების შეკვრა და მეტი ინოვაცია. ეს არის გახდეს არასაჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გახდეთ არარელევანტური ან მეორეხარისხოვანი. ეს ნიშნავს, რომ შექმნათ იმდენად მტკიცე და სისტემურად გამართული ორგანიზაცია, რომ მას თქვენი მუდმივი ჩარევის გარეშეც შეეძლოს განვითარება. ეს ნიშნავს, შექმნათ რაღაც, რაც თქვენზე დიდია.

ამდენად, მდგრადი და მზარდი ბიზნესის ანატომია გადაღლილი გმირების მხრებზე არ დგას. ის აგებულია მოსაწყენი, პროგნოზირებადი და მასშტაბირებადი სისტემებით, რომლებიც გააზრებულ სტრატეგიას გარდაუვალ შედეგად აქცევს.

დაბოლოს, თქვენი კონკურენტებიც კითხულობენ ამგვარ სტატიებს. ზოგი მას აკადემიურ თეორიად ჩათვლის და უგულებელყოფს, სხვები კი მასში კონკურენტულ უპირატესობას დაინახავენ. თუმცა, საკითხავი ის კი არ არის, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბიზნესის ანატომიას, არამედ მოასწრებთ თუ არა საკუთარის განვითარებას, სანამ სხვა თავისას უკეთესად განავითარებს.

საბოლოო ჯამში, ზრდასა და გადარჩენას შორის განსხვავება არ არის, რამდენად კარგად აქრობთ ხანძარს, არამედ ის თუ რამდენად ეფექტიანად უშლით ხელს მის გაჩენას.

 

Forbes ოპედი არასარედაქციო კატეგორიაა, რომელსაც ქმნიან ადამიანები, რომელთაც მრავალმხრივი ინტერესები და იდეები აქვთ. ამ კატეგორიის ფარგლებში გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს Forbes Georgia-ს რედაქციის პოზიციას.

გიორგი სიმონგულაშვილი არის GEC-ის დამფუძნებელი, რომელიც ეხმარება კომპანიებს სტრატეგიული სიცხადის მიღწევასა და მდგრადი ზრდის სისტემების აშენებაში.