ფოტო: dig.watch
გერმანიამ ხელოვნური ინტელექტის €125-მილიონიანი პროექტი დაიწყო, რათა ევროპას საკუთარი წამყვანი AI-ლაბორატორიების შექმნაში დაეხმაროს.
გერმანიის ფედერალური ინოვაციური სააგენტო SPRIND-ის ინიციატივა, სახელწოდებით „შემდეგი წამყვანი AI“, მიზნად ისახავს იმ კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც შესაძლოა, საბოლოოდ ევროპული OpenAI ან DeepSeek-ი გახდნენ.
„შემდეგი წამყვანი AI“-ის განხორციელება იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ევროპის მთავრობები სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოხატავენ ამერიკულ და ჩინურ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების ხარისხით.
„გერმანია ამ საკითხს ლიდერობს, რადგან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ ვერ დაველოდებით ამ სივრცეში სხვა მოთამაშეების შემოსვლას. გლობალური კონკურენცია არ ნიშნავს ლოდინს. ამიტომ, ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამას ევროპული სტანდარტით“, – განუცხადა Euronews Next-ს SPRIND-ის გამოწვევების მიმართულებით ხელმძღვანელმა ჯანო კოსტარდმა.
ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების უმეტესობა, მათ შორის OpenAI და Anthropic-ი, აშშ-შია დაფუძნებული და მათ კერძო ინვესტიციებით მილიარდობით დოლარი აქვთ მოზიდული. ასეთივე სისწრაფით მოქმედებს ჩინეთიც. DeepSeek-მა აპრილში საკუთარი V4 მოდელი გამოუშვა, რამაც ევროპელ ლიდერებზე წნეხი გაზარდა, რათა საკუთარი, უფრო ძლიერი ხელოვნური ინტელექტის კომპანიები შექმნან.
სააგენტოს ცნობით, SPRIND-ის ინიციატივა 24 თვის განმავლობაში სამ ეტაპად განხორციელდება და მას კონკურსის სახე ექნება.
პირველ ეტაპზე, ათამდე გუნდს 3 მილიონ ევრომდე დაფინანსების მიღება შეეძლება. მეორე ეტაპზე ექვსამდე გუნდი გააგრძელებს დაფინანსების მიღებას 8 მილიონ ევრომდე. საბოლოო ეტაპზე კი სამ გუნდს შეუძლია 15.5 მილიონ ევრომდე მიიღოს.
კოსტარდის თქმით, სააგენტო მთელი ევროპიდან „რამდენიმე ასეულიდან ათასამდე განაცხადს“ ელის.

















