რუბიოს თქმით, ირანთან შეთანხმება შესაძლოა „დღესვე“ გაფორმდეს – გლობალურ ბაზრებზე აღმასვლა შეინიშნება

რუბიოს თქმით, ირანთან შეთანხმება შესაძლოა „დღესვე“ გაფორმდეს – გლობალურ ბაზრებზე აღმასვლა შეინიშნება

ფოტო: Anna Moneymaker/Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმების შესახებ სიახლეები შესაძლოა „დღესვე“ გამოცხადდეს. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმების საფუძველი უკვე საკმაოდ მყარია.

რუბიო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, ნიუ-დელიში ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებაზე აქტიურად მუშაობენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ კიდევ წუხელ შეიძლება გაკეთებულიყო, თუმცა სიახლეები „შესაძლოა დღეს“ გახდეს ცნობილი.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი განიხილება, გარდა ამისა, მხარეები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით „დროით შეზღუდული მოლაპარაკებების“ დაწყებაზეც მსჯელობენ.

მარკო რუბიოს თქმით, მთავარი შეფერხება ირანის მხრიდან პასუხის მიღების პროცესია, რადგან „ირანულ სისტემას რეაგირებისთვის მეტი დრო სჭირდება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებას ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისე საერთაშორისო დონეზე. თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა დონალდ ტრამპის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი არ აპირებს „ცუდი შეთანხმების“ გაფორმებას მხოლოდ პროცესის დაჩქარების მიზნით.

რუბიოს განცხადებით, აშშ დიპლომატიას „ყველა შანსს“ მისცემს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

პოტენციური შეთანხმების მოლოდინმა გლობალურ ბაზრებზე პოზიტიური გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟები ხსოვნის დღის გამო დახურულია, აზიისა და ევროპის ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.

იაპონიის Nikkei 225 ინდექსი 2.87%-ით გაიზარდა, სამხრეთ კორეის KOSPI – 0.41%-ით, ჰონგ-კონგის Hang Seng – 0.86%-ით, ხოლო ინდოეთის Sensex – 1.2%-ით. ევროპაში გერმანიის DAX ინდექსმა 1.08%-იანი ზრდა აჩვენა, საფრანგეთის CAC 40 კი 1.07%-ით გამყარდა.

მოლაპარაკებების ფონზე ნავთობის ფასებიც მკვეთრად შემცირდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $98.60-მდე დაეცა, რაც გასული კვირის ბოლოსთან შედარებით თითქმის $5-ით ნაკლებია. ამერიკული West Texas Intermediate-ის ფასი კი $91.95-მდე შემცირდა.