დემნა გვასალიამ Gucci-ის სადებიუტო კოლექციის ლუქბუქი წარადგინა

დემნა გვასალიამ Gucci-ის სადებიუტო კოლექციის ლუქბუქი წარადგინა

მილანში, ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას Gucci-ის სადებიუტო ჩვენებამდე ერთი დღით ადრე, იტალიურმა მოდის სახლმა დემნას პირველი კოლექციის, La Famiglia-ს ლუქბუქი გაავრცელა. დემნას Gucci-ს კოლექცია გაყიდვაში 25 სექტემბერს ჩაეშვება და, ექსკლუზიურად, მხოლოდ ათ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი.

კოლექცია, სახელწოდებით La Famiglia სულ 38 ლუქს მოიცავს და დასავლური გამოცემების მიერ, Gucci-ის „ახალი ეპოქის დასაწყისად“ უკვე შეფასდა. კოლექცია Gucci-ის იდენტობის ძირითადი თემების რეინტერპრეტაციაა, რომელიც ფოტოგრაფ კეტრინ ოპის მიერ გადაღებული „ოჯახური პორტრეტების“ სერიაშია თავმოყრილი. როგორც გამოცემები აღნიშნავენ, კოლექცია მრავალფეროვანი პერსონების გაერთიანებაა, დაწყებული Partyboy-ისა და Narcisista-სთვის დამახასიათებელი თამამი სტილით, დასრულებული შედარებით ტრადიციული ესთეტიკის, Direttore-ის შავი პიჯაკით.

La Famiglia-ს ფოტოების მოულოდნელ გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, Gucci-მ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე კონტენტი სრულად წაშალა. მოგვიანებით კი, დემნას სადებიუტო კოლექციის ლუქბუქი გამოაქვეყნა. ცნობისთვის, მოდელებს შორის, რომლებიც ლუქბუქში გვხდებიან, არის ქართველი მატილდა გვარლიანი. ეს დემნასა და გვარლიანის პირველი კოლაბორაციაა. ქართველმა მოდელმა დემნას კოლექციაში La Catica-ს ლუქი წარადგინა.

დემნა გვასალიას სადებიუტო ჩვენება ხვალ, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგება. ასევე დაგეგმილია დემნას Gucci-ის პირველი სარეკლამო ფილმის პრეზენტაციაც. დემნას სადებიუტო კოლექცია 12 ოქტომბრამდე, ეტაპობრივად, ათივე მაღაზიაში გამოჩნდება.

„ძალიან მიხარია, რომ Gucci-ის ოჯახს შევუერთდი. ჩემთვის დიდი პატივია წვლილის შეტანა სახლის წარმატებაში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია, ვეთაყვანები,“ — განაცხადა დემნამ.

შეგახსენებთ, რომ Balenciaga-სთან თითქმის 10-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, დემნა მიმდინარე წლის მარტში Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. 2015 წლიდან გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა, ის არის ტანსაცმლის ბრენდ Vetements-ის თანადამფუძნებელი, რომელთან თანამშრომლობაც 2019 წელს შეწყვიტა.